ოზურგეთელი ანი თუთისანი გაცვლითი პროგრამით ამერიკაში მიემგზავრება.
ანი თუთისანი: ეს პროგრამა (Study of the U.S. Institutes) საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოაცხადა. სტანდარტულად, როგორც ხდება ხოლმე, ჯერ განაცხადების მიღება ჰქონდათ, შემდეგ გასაუბრების ეტაპი. განსაკუთრებული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით არ მქონია, რომ ამარჩევდნენ, უბრალოდ ვცადე, თემატიკა ჩემთვის საინტერესო იყო და ახალი გამოცდილება იქნებოდა.
პანდემიის გამო შერჩევის ეტაპიც ცოტა დროში გაიწელა, რადგან არ იყო ზუსტი ინფორმაცია, იქნებოდა თუ არა უსაფრთხო ან საერთოდ შესაძლებელი მონაწილეთა ტრანსპორტირება, მით უმეტეს, რომ საქართველოს გარდა რამდენიმე ქვეყნიდან არიან შერჩეული მონაწილეები. საბოლოო ჯამში, პროგრამის ამჟამად შემოთავაზებული, ოდნავ შეცვლილი ფორმატი მოიცავს პირველ ეტაპზე ვირტუალურ კომპონენტს ამ ზაფხულს და შემდგომში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტს.
მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა ამერიკის განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის მიერ არის შემოთავაზებული და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა სამოქალაქო აქტივიზმი, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და მათ შორის სამართლებრივი პროცესები. ამდენად, მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა ამ პროექტის მონაწილე ვიყო”, _ გვითხრა ანი თუთისანმა.
ანი თუთისანმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა დაამთავრა. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს.