77 წლის ასაკში ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის მსახიობი იური ჯიჯიეშვილი გარდაიცვალა.
საქართველოს კულტურის დამსახურებულ მუშაკს, იური ჯიჯიეშვილს “გურულ ლუი დე ფიუნესს” და ადამიანს-პოზიტივს ეძახდნებ. ბოლო დროს, მსახიობი ნაკლებად ჩანდა როგორც საზოგადოებაში, ასევე, სპექტაკლებში.
“ცხოვრება რა ყოფილა?! ყოველდღე დავდიოდი თეატრში, ხალხს ვესალმებოდი, ახალ ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს, შემდეგ კი რეპეტიციაზე დავდიოდი. თუ კი შევძლებ, აუცილებლად მინდა, რომ დავბრუნდე სცენაზე. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე იმყოფებოდა ჩემთან და საიუბილეო წელთან დაკავშირებით არის მოლაპარაკებები. ყველა მაქცევს ყურადღებას და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ადამიანებს ცხოვრების დროს უნდა ვცეთ პატივი. მინდა გითხრათ, რომ გავუცვალოთ ერთმანეთს პოზიტივი და გვიყვარდეს ერთმანეთი. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო, თორემ სცენაზე გამოსვლის არ მეშინია. ყველაზე მეტად კიდევ ჩემი მაყურებელი მენატრება. ახალგაზრდებს მინდა მივმართო, რომ აუცილებლად დაესწრონ სპექტაკლებს, უყურონ ფილმებს და იკითხონ წიგნები“, _ ამბობდა მსახიობი 2016 წელს “გურია ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში.
“გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს იური ჯიჯიეშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.