ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ თევდორაძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად ისწავლოს.
_ ეს გაცილებით ადრე გადავწყვიტე, ვიდრე შოთა რუსთაველის დღე აღინიშნებოდა. ქართული ლიტერატურა უსაზღვროდ შემაყვარა ჩემმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ღლონტმა, _ თქვა მან.
მარიამ თევდორაძემ აღნიშნა, რომ როდის დაასრულებს პოემის საბოლოოდ დაზეპირებას, არ იცის და არც დაუგეგმავს, თუმცა არაერთი სტროფი და თავი უკვე იცის ზეპირად და დარწმუნებულია იმაში, რომ ჩანაფიქრს განახორციელებს.