დღეს, ოზურგეთიდან , თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. თუმცა, მათ წარმომადგენლებს არ შეუთანხმებიათ კონკრეტული ადგილი, თუ საიდან გავიდოდნენ.
_მივდივართ ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სახელმწიფო ინტერესები. ვინ ვართ და რამდენი ან ვისთან ერთად მივდივართ, ამის თქმა წინასწარ არაა საჭირო. ომში რამდენი მიდის, წინასწარ არავინ ამბობს. იქ მოვიყრით თავს ერთად. მივდივართ პროტესტის გამოსახატავად, რომ არჩევნები გაყალბდა, მოგვპარეს ხმები, _ თქვა „გურია ნიუსთან“ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მამალაძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელმა ლიდერმა, შოთა გოგიბერიძემ გვითხრა, რომ ისინი ამ აქციაში მონაწილეობას არ ღებულობენ.
„ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ გოგოტიშვილმა, „გურია ნიუსთან“ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად უკვე წასული არიან:
_ახლა რიკოთზე ვართ. მივემგზავრებით. ჩვენი ორგანიზაცია უერთდება დღევანდელ საპროტესტო აქციას. ჩვენ მშვიდობიანად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. ყოველგვარი საუბარი სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე არის ფარსი. ჩვენ აქეთკენ არ მივდიდვართ. ბიძინა ივანიშვილმა მოგვპარა ხმები. სურს დაამყაროს დიქტატურა, თუმცა ასე არ გაგრძელდება. დავიცავთ ჩვენს ხმებს და მშვიდობიანი გზით შევცვლით ამ ხელისუფლებას, – გვითხრა მან.
მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ვერ დავუკავშირდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს. პარტიის წევრმა თორნიკე გოგუაძემ გვითხრა, რომ ის ახლა ავად არის, ამის გამო ვერ წავიდა აქციაზე.
_რიგორც ვიცი, დანარჩენები მიდიან და მონაწილეობას იღებენ დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში, _ განაცხადა მან.