სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. ვინაიდან, საზოგადოებამ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ექსპონატების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით შემაშფოთებელი და გაზვიადებული ინფორმაცია მიიღო, მინდა ორიოდე სიტყვით განმარტება გავაკეთო და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდო მუზეუმში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
10 ივნისს, ძლიერი წვიმის დროს, სამწუხაროდ, მუზეუმის შენობაში წყალი ჩამოვიდა, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ შექმნილა. დაზიანდა ის ყუთები, რომელშიც ხელნაწერები გახლდათ შენახული. საბედნიეროდ, თავად ექსპონატები გადარჩა და არ დაზიანებულა. დღეისთვის თითოეული ექსპონატი ყველა საჭირო წესის მიხედვით არის შეფუთული და დაცული და განადგურების საფრთხე აღარ ემუქრება.
გამომდინარე იქედან, რომ ფოლკლორის ცენტრის რეაბილიტაციისას, სახურავის შეცვლის პროცესში, უამინდობისას, ხელნაწერებს საფრთხე შეექმნა, ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის მკაცრი მითითების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიამ აღნიშნულ შემთხვევაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო და კომპანია მუზეუმში ფონდების ახალი საცავის შექმნას უზრუნველყოფს, სადაც ძირითადი ფონდი, მათ შორის, აღნიშნული ხელნაწერები განთავსდება.
ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდება სახურავისა და ფასადის რეაბილიტაცია, კომპანია სარემონტო სამუშაოების პროცესში დაზიანებული საექსპოზიციო დარბაზების აღდგენას დაიწყებს.
რაც შეეხება ფოლკლორის ცენტრს, რომელიც აღნიშნულ თემაზე ინფორმაციების გავრცელების პროცესში ‘’მთავარ დამნაშავედ’’ იქცა, არავითარი კავშირი არა აქვს შექმნილ ვითარებასთან. ვინაიდან, ფოლკლორის ცენტრს ქალაქ ოზურგეთში ჯერ ფუნქციონირება არც დაუწყია. ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში სამუშაოებს სამშენებლო კომპანია აწარმოებდა და როგორც უკვე აღვნიშნე, შესაბამისი პასუხისმგებლობაც ამ უკანასკნელმა აიღო.
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გოგა ტრაპაიძე