ოზურგეთში, ლიტერატურულ კაფე “რვას+1“-ში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის, განათლების განყოფილების ორგანიზებით, საბავშვო ბაღების საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება გაიმართა.
დაჯილდოებამდე ღონისძიების ორგანიზატორებმა იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც ბოლო დროს გახორციელდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.
ამ ეტაპზე გამოვლინეს 7 საუკეთესო მასწავლებელი: ლია კალანდარიშვილი, ნანული ანთიძე, – სოფელი მაკვანეთი; თია გაფრინდაშვილი, ირმა ნოდია _ სოფელ ლიხაურიდან; მალვინა სალუქვაძე _ დაბა ნარუჯადან; ელისო ონიანი _ სოფელი გურიანთიდან, მარინა ზაქარიაძე -სოფელი ჯუმათი, მასწავლებელთა მასწავლებლად ნაილი გრძელიძე დასახელდა.
მასწავლებლებს ფასიანი საჩუქრები და დიპლომები, ხოლო საბავშვო ბაღების მენეჯერებს სიგელები და დიპლომებით გადაეცათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ შეხვედრის დროს მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და ახალი ინფორმაცია მიაწოდა.
“სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბაღებში სიტუაცია ყოველ წელს უმჯობესდება. წელს დაიწყება ახალი ბაღის მშენებლობა დაბა ნასაკირალში (დვაბზუ) და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ასევე, მომავალ წელს ახალი კანონის ფარგლებში, მოხდება ყველა ბაღის ავტორიზაცია და ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდება“, _ თქვა მერაბ ჭანუყვაძემ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მასწავლებლების მიერ შექმნილი ნამუშევრები.