8 ნოემბერს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი სტუმრობდა. მათი კონცერტის დაწყებამდე, სცენაზე მასპინძლები – ოზურგეთის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლები ავიდნენ. თავიანთი საუკეთესო ხელოვნება არაერთი ფოლკლორული ნომრის შესრულებით წარმოადგინეს ანსამბლებმა „რეხეულმა“ და „შემოქმედმა“.
შემდეგ სცენაზე გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ავიდა. მათ მაყურებელს საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორის ნიმუში წარუდგინეს.
გალობის უნივერსიტეტი აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით გამოირჩევა. მისი ხელმძღვანელები არიან სერგო ურუშაძე და ნინო რაზმაძე.
ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, 2017-2018 სასწავლო წლიდან სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, გუნდმა ოფიციალური სტრუქტურის სახე მიიღო.
შეხვედრის ბოლოს, მასპინძლებმა და სტუმრებმა ერთობლივად „მრავალჟამიერი“ დააგუგუნეს.