წყალში “ჩაყრილი” ზრდილობა
18 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, დღის წესრიგის გაცნობამდე, დეპუტატებისადმი შეგონებით დაიწყო:
“მეგობრებო, ნუ იყვირებთ ადგილებიდან. ეთიკის ნორმებს დავემორჩილოთ. ერთმანეთს ვცეთ პატივი. ვინმემ შეგზღუდათ? დარბაზში ყველა ერთმანეთს ესაუბრება. რაა ეს? ზრდილობაა საჭირო. ღმერთმა ნუ ქნას, მაგალითად, ვინმე X-ს ვუთხრა, დატოვე დარბაზიო… მე კი არა, იტყვის ყველა, ის ადამიანი იქნას დარბაზში თუ არა”, _ თქვა დარჩიამ და შემდეგ სამსაკითხიანი დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს.
პირველი საკითხის: “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის გასახორცილებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ”, _ დადგენილების მიღების თაობაზე, მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ ისაუბრა, რა დროსაც დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები ახმაურდნენ.
_ სიურპრიზი იყო ეს. არც ბიუროზე თქმულა მსგავსი და არც საკრებულოზე. თქვით, რომ ეს დადგენილება ახლა დამიდეთ მაგიდაზე. მისაღები იყო ტარიფიკაცია, ამ თანადაფინანსებით კი ხალხს გაუჭირდება მონაწილეობა. დღეს ვხედავ, რომ ცვლილებაა შესული, _ თქვა “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელმა, დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ.
_ რა უჭირს, გადავლენ თურქეთში, იმუშავებენ და გადაიხდიან, _ ჩვეული ხმამაღალი ტონით, ირონია არ დაიშურა “ნაციონალმა” დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა.
_ ა, ჩაიყარა ყველაფერი წყალში! ვისაც აზრის გამოთქმა გინდათ, გამოდით და თქვით. ხომ ვთქვით, რომ არ იყოს წამოძახილები?! _ შექმნილი ვითარება შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
დაწუნებული დადგენილება
დღის წესრიგის პირველი საკითხის ირგვლივ, ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის გასახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესმა, რაზეც, ხალხის მიერ გასაღები პროცენტული რაოდენობის გამო, უკმაყოფილება გამოთქვეს შოთა გოგიბერიძემ და შალვა თავდიშვილმა. კერძოდ, ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს შემდეგი პროცენტული ოდენობით: შენობის ფასადის შეკეთებისას _ 5%, შენობის სახურავის შეკეთებისას _5%, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების შემთხვევაში _ 15%, სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთებისას _ 10%, სადარბაზოს კარების დამზადებისას _ 20%, ლიფტის შეკეთებისას _ 3%, პანელოვან შენობებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის შემთხვევაში _ 10%, ბინათმესაკუთრეთა მრავალსართულიან სახლებზე სეისმომედეგობის განსაზღვრისას _ 25%, საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენის შემთხვევაში _ 25%.
შოთა გოგიბერიძემ თქვა, რომ “ბიუროზე განხილული ტარიფიკაცია უნდა მიღებულიყო, სადაც კორპუსის მცხოვრებთა თანამონაწილეობის პროცენტულობა იყო უფრო დაბალი. შემდეგ კი, რატომ შეიცვალა ეს და რატომ დაუდგინეს ხალხს უფრო მაღალი პროცენტულობით თანამონაწილეობა, რის გადახდაც ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს უფრო გაუჭირდებათ, გაუგებარია”.
საკმაო კამათის და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ წამოაყენა წინადადება, დაეწესებინათ ზედა ზღვარი 10%-მდე.
შოთა გოგიბერიძემ თქვა, რომ ასე უფრო გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ.
დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მოხარულია, როცა ამ საკითხს საკრებულო განიხილავს:
_ ეს არის ძალიან კარგი ურთიერთობის ფორმები. საკითხი, რომელიც დააყენეთ, თქვენი პოლიტიკის შესაჯერებელია. სჯობს, თუ პროცენტს დააწესებთ. რა ფორმითაც უნდა მიიღოთ, ეს კარგია და მისასალმებელი, _ თქვა მან.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ პროცენტულობის დაწევა არ მიიჩნია მართებულად და საკუთარი თვალსაზრისის განმტკიცებას ეცადა, რაზეც დეპუტატმა ნანული ორაგველიძემ რეპლიკა შეაშველა:
_ მერიის წარმოდგენილი პროცენტულობა ნაკლები იყო და კომისიის დასკვნაში სხვა წერია…
_ ნანული, ხელს ნუ მიშლი, _ გასძახა ბიგვავამ.
თავის მხრივ, ნანული ორაგველიძემ განმარტა, რომ თუკი მერია თანხას გამონახავს, მოემსახურება მოსახლეობას და ისედაც გაჭირვებული ხალხი ნაკლებს გადაიხდის, ეს დეპუტატებს უნდა უხაროდეთ.
_აქ კი რა ხდება? საკრებულოს კომისია, პირიქით, ზრდის ხალხის თანამონაწილეობით გადასახდელ თანხებს? პროექტის საერთო ღირებულების პროცენტები რაც მეტი იქნება, პროცენტულად მეტი გადასახდელი ექნება ხალხს. ამის მიხვედრას რა უნდა? _ თქვა მან.
შეთანხმების მისაღწევად, გიორგი ღურჯუმელიძემ ხუთწუთიანი შესვენება ითხოვა და დეპუტატები მოსალაპარაკებლად გავიდნენ.
შესვენების შემდეგ შეთანხმებულ პროექტს დეპუტატები დაეთანხმნენ.
მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ თქვა, რომ შეთანხმებულ პროექტს წარმოადგენს და რომ რამდენიმე პუნქტში პროცენტულობა, ადრე წარმოდგენილისა და ახლანდელის შეჯერებით, შუალედური სახით დატოვეს, ხოლო დანარჩენი ისე დარჩა, როგორც მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა თავდაპირველად.
დადგენილებას დეპუტატებმა ამ სახით დაუჭირეს მხარი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წელს გასახორციელებელი, ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე”, შენიშვნებისა და რეპლიკების გარეშე მიიღეს.
მესამე საკითხის _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ,”_ იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა:
_ განაკვეთები დგინდება შემდეგნაირად: თითოეულ სამორინე მაგიდაზე გადასახდელი იქნება: _ კვარტალში 20 000 ათასი ლარი, თითოეულ სათამაშო აპარატზე _ კვარტალში 2000 ათასი ლარი, თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე _ საპრიზო ფონდის 10%, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშებზე – კვარტალში 250 000 ლარი, აზარტული ან მომგებიანი თამაშების მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ თითოეულ სალაროზე _ კვარტალში 7 ათასი ლარი, თითოეულ კლუბის მაგიდაზე, კვარტალში 6 000 ლარი.
დეპუტატებმა დღის წესრიგის მესამე საკითხის ადმინისტრაციული წარმოების წესით დაწყებას მხარი დაუჭირეს, რომელიც მომავალ თვეში, 6 ივნისის საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ.