ოზურგეთში, ანასეულის # 57-ე საარჩევნო უბანზე, ორი საათისთვის, 810 ამომრჩევლიდან 315-მა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. ოზურგეთში არსებულ ხუთ უბანს შორის, სადაც დღეს არჩევნები ტარდება, მონაცემების მიხედვით, ამ წუთებში ყველაზე მაღალი აქტივობაა.
საარჩევნო კომისიის მდივანი, ხათუნა გობრონიძე „გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ დილის საათებში მოხდა მცირე უზუსტობა. კერძოდ:
_ ამომრჩეველი დები კორტავებიდან ერთ-ერთს შეეშალა და დის გრაფაში მოაწერა ხელი, რაც გასწორდა დაშვებული ფორმით _ იმავე გრაფაში მოაწერა ხელი მეორე დამც. არსებობს ასეთი პრაქტიკა. რაც შეეხება მეორე უზუსტობას, როცა ბიულეტენები დათვალეს, ერთი იყო ზედმეტი. აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორს დაავიწყდა ხელმოწერა ერთ ბიულეტენზე და ეს შეცდომა გამოსწორდა. ხაზგასმით ვამბობ- ეს ბიულეტენი არ დაკარგულა, როგორც დებს შორის არ დაკარგულა ხმა და ჩვენი თხოვნაა, სიმართლე გააჟღეროთ, _ გვითხრა მან.
დამკვირვებელი შორენა დავითაია ამბობს, რომ მან დაწერა საჩივარი.
_ რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი განზრახ მოხდა. არსებობს ვიდეოკონტროლი და ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, – თქვა მან.
ამომრჩევლები, რომლებიც უბნის პერიმეტრზე იმყოფებიან, „გურია ნიუსთან“ ამბობენ, რომ მაღალი აქტივობაა.
_ ანასეულში ყოველთვის მაღალი აქტივობაა არჩევნებზე, მაგრამ დღევანდელი აქტივობა გამორჩეულია , _ გვითხრეს მათ.