დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში კარგა ხანს გაგრძელდა სასამართლო პროცესი, რომელიც სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილი დირექტორის, ეკატერინე ნინიძის სარჩელს განიხილავდა.
მოსამართლე მარინა კიკნაძემ განაცხადა, რომ გრძელდება საქმის განხილვა და წინა პროცესზე გაცხადებული მოსაზრება, ორი მსგავსი სარჩელის გაერთიანების შესახებ, როგორიცაა ავთანდილ მექვაბიშვილის და ეკა ნინიძის საქმე, სასამართლომ გააანალიზა და არ დაეთანხმა, რადგან ეს გამოიწვევს საქმის გაჭიანურებას. მხარეს არ აქვს გასაჩივრების უფლება. რაც შეეხება მესამე პირის ჩართვას, სასამართლო არც ამ მოთხოვნას დაეთანხმა, ოღონდ მხარეს აქვს გასაჩივრების უფლება.
მოსამართლემ ამის შემდეგ მოსარჩელე მხარეს მოუსმინა. თვითონ ეკა ნინიძე, სხდომას არ ესწრებოდა.
მისმა ადვოკატმა, გიორგი ხუროშვილმა კიდევ ერთხელ გააცნო სასამართლოს დავის არსი: მოსარჩელე ეკა ნინიძე მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია შესაძლოა იყოს მუშაკის გათავისუფლების საფუძველი, არასწორია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ მოითხოვდნენ სასამართლო წესით ეკატერინე ნინიძის აღდგენას და ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
ამასთანავე, გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, რომ აქ მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეკა ნინიძე არჩევნების პერიოდში არ იყო ახლანდელი მერის კოტე შარაშენიძის მხარდამჭერი და ამ გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი პოლიტიკური მოტივია.
მუნიციპალიტეტის მერიის იურისტებმა ლაშა თავაძემ და მიხეილ შილაკაძემ, რომლებიც მოპასუხე მხარეს წარმოადგენენ, ისაუბრეს ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ ერთ სტრუქტურაზე, სადაც, ასევე, ორი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი გაერთიანდა და აქედან გამომდინარე, ვაკანტური იყო მხოლოდ ერთი ადგილი. „ეკა ნინიძის სამსახურიდან საავადმყოფო ფურცელზე გასვლა შეუტყობინებლად მოხდა და თუ თავად არ შეეძლო, ვინმეს მეშვეობით მაინც უნდა მომხდარიყო“, _ აღნიშნა ლაშა თავაძემ.
ლაშა თავაძემ, ასევე, ისაუბრა იმ გარემოებაზე, რომ თუ ეკა ნინიძეს სამსახურის გაგრძელების სურვილი ჰქონდა, იმ ათი დღის ვადაში უნდა შეეტანა განცხადება, სანამ ახალი კადრი დაინიშნებოდა და შესაძლებელი იყო, სხვა შედეგი დამდგარიყო.
მიხეილ შილაკაძემ თქვა, რომ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად სამსახურებიც გაერთიანდა და შეიქმნა ახალი ა(ა)იპ ორგანიზაცია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მობილობა არ ვრცელდებოდა. „რომ შემოეტანა ეკა ნინიძეს განცხადება, მერი განიხილავდა. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ მაკა ჭყონიას განცხადება იყო და მერი არ იყო არანაირად ვალდებული, რომ ადგილი შეეთავაზებინა. ამიტომ მოსარჩელის განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს“, _ თქვა მან.
გია ხუროშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ ეს ახალი ორგანიზაცია არის უფლებამონაცვლე იმისა, რომელიც გაუქმდა. ამიტომ ორი დირექტორიდან შეიძლებოდა ერთის დატოვება ან სულაც ორივესი – არსებობს გენერალური დირექტორის და დირექტორის პრეცედენტი. ყოველ შემთხვევაში, არანაირი საჭიროება არ იყო გარედან ახალი კადრის შემოსაყვანად, _ თქვა მან.
საბოლოოდ, როგორც მოსამართლე მარინა კიკნაძემ აღნიშნა, ეკა ნინიძის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწეილი 27 აპრილს, პარასკევს, 2 საათზე გამოცხადდება.
რაც შეეხება ავთანდილ მექვაბიშვილის სასამართლო პროცესს, ის გადაიდო მოსამართლის ავადმყოფობის გამო. როგორც ცნობილია, მექვაბიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი იყო და გაათავისუფლეს. ახლა კი აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.