მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სეზონის გახსნიდან აქამდე, ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს.
_დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს, უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი საღი გული 50 თეთრია. ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ კილოგრამში 5 ლარს გადავუხდით, – გვითხრეს ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე პირებმა.
კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით, კვლავ შემოგვწყრნენ:
_ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.
მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.
„გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც უვლიან.
როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი ფორმა უნდა მოიძებნოს.
_ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, – თქვეს მათ.