სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას, _ ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის ბიზნესმენ ფადი ასლის პასუხობს.
“საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მხრიდან მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება, ცილისწამებაა, არ გააჩნია კონკრეტული გონივრული დასაბუთება და მიზნად ისახავს მოსამართლის დისკრედიტაციას. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების ავტორს გააჩნია მოსამართლის მხრიდან კორუფციული ქმედების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი, იგი არამხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა მიმართოს შესაბამის უწყებებს.
კერძო სუბიექტებს შორის წარმართულ დავაში ცალსახად იკვეთება საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის არაჯანსაღი მიკერძოებულობა პროცესში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიმართ. რაც სავარაუდოდ მიანიშნებს საქმის შედეგის მიმართ ფადი ასლის კონკრეტულ ინტერესებზე”, _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ფადი ასლის დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, დაელოდოს ამავე საქმეებზე ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედება.
ცნობითვის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიმ გადაცემა “საქმის კურსში” სასამართლო სისტემის შესახებ აღნიშნა, რომ მათ იუსტიციის საბჭოში, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს.
“რამდენიმე ჩვენი წევრი, “ფილიპ მორის ინტერნეიშენალი”, “ტერა ბანკი” და “რიჩ ამერიკან ტობაქო”, ეს სამი კომპანია ფაქტობრივად, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ იქნენ, უხეშად რომ ვთქვათ, მოტყუებულნი. მაშინ, რა გადაწყვეტილებაც მან გამოიტანა, არავინ საკუთარ თვალებს არ დაუჯერა. ჩვენთვის კორუმპირებული მოსამართლე გახლავთ ბატონი კაკაბაძე. პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით ეს ბალანსის მიღწევა გახლავთ. მართალია, რომ პარლამენტი და მთავრობა არ ერევა და არც უნდა ჩაერიოს ამ საქმეში. შესაბამისად, ზოგიერთ მოსამართლე თავს ხელშეუხებლად მიიჩნევს.
ერთადერთი ორგანიზაცია სასამართლო სისტემაში, ეს გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც შეუძლია ესეთი პიროვნებების წინააღმდეგ ნაბიჯები გადადგას. იუსტიციის სასამართლო ესეთი პრაქტიკების შესაჩერებლად არ იღებს მკაცრ გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ საჩივარი შევიტანეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე კაკაბაძის წინააღმდეგ და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ იმუშავებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. იმედია, ამ პიროვნებას გადააყენებენ, მაგრამ მთავარია დავინახოთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის პრინციპებს მხარს უჭერს, თუ ხელს აფარებს კორუმპირებულებს”, _ განაცხადა ფადი ასლიმ.