ცოტა ხნის წინ, „გურია ნიუსი“ თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან არსებული სამგორის პარკის შესახებ წერდა.
პარკში დამტვრეული სკამები და მიტოვებული ატრაქციონებია, რომლებიც უპატრონობის გამო ფუჭდება.
როგორც მაშინ გავარკვიეთ, ატრაქციონები პარკიდან იჯარით იყო გაცემული, თუმცა, მოიჯარე კომპანიასთან ხელშეკრულება ახალი შეწყვეტილი იყო და პარკი არცერთი უწყების პატრონაჟის ქვეშ არ იმყოფებოდა. დედაქალაქის მერიის პრესსამსახური კი ამბობდა, რომ ახალი მოიჯარე კომპანიის მოსაძიებლად აუქციონი უნდა გამოცხადებულიყო.
პარკის შესახებ სტატიის გამოქვეყნებიდან თვენახევარში „გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ვითარებაა ამ დროისთვის სამგორის პარკში, ხომ არ მოხდა ახალი მოიჯარე კომპანიის პოვნა ან გამოცხადდა თუ არა აუქციონი.
როგორც პარკში მისულმა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა, პარკში მდგომარეობა შეცვლილი არ არის. მშობლები ბავშვებს ისევ საკუთარი ძალისხმევით აქანავებენ უყურადღებოდ დატოვებულ ატრაქციონებზე, პარკი სუფთავდება, მაგრამ დალეწილია ჯიხურები, სადაც სავარაუდოდ ატრაქციონზე დასაშვები ბილეთების გაყიდვა ხდებოდა, ტირი კი ცარიელია და სანაგვედ არის ქცეული.
როგორც პარკში იმ მომენტისთვის შვილიშვილთან ერთად მყოფმა ერთ-ერთმა ქალბატონმა გვითხრა, ზაფხულში ატრაქციონები მუშაობდა, მაგრამ შემოდგომაზე პარკი უფუნქციოდ დახვდა. თვითონ სამგორის პარკიდან მოშორებით ცხოვრობს, მაგრამ 15 წლის წინ, ამ პარკში შვილები დაჰყავდა, ახლა კი შვილიშვილები დაჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ პარკი ამ ეტაპზე მოუწესრიგებელია, რაიონში ყველაზე კარგ პარკად მიაჩნია.
„ვარკეთილში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი შვილები, დაახლოებით, 15 წლის წინ, როცა ეს პარკი გაიხსნა, იქედან აქ დამყავდა. ამ პარკში დღესაც ხშირად დავდივარ, ბავშვები მომყავს. ძალიან ლამაზი იქნება თუ გაკეთდება. ყველა ატრაქციონი მუშაობდა ამ ზაფხულს, მაგრამ შემოდგომაზე შვებულებიდან რომ დავბრუნდი და პარკში მოვედი, უფუნქციოდ დამხვდა. აქ ხომ ასე ხდება, თუ მიატოვე უყურადღებოდ, უნდა დალეწონ“,_ ამბობს ქალბატონი.
კითხვებზე პასუხის მისაღებად გამწვანების სამსახურს დავუკავშირდით, სადავ გვითხრეს, რომ პარკში ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება.
„პარკში ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება და მომავალ წელს ვნახოთ“, _ გვიპასუხეს გამწვანების სამსახურში.
ამავე თემაზე:
დამტვრეული სკამები და ატრაქციონები_ რა ხდება სამგორის პარკში