პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთი მონაწილე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდა კაცი აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა.
წინასწარი ინფორმაციით, მან სხეულის გადაციება აქვს. მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა სახის დაზიანება სამმა ადამიანმა მიიღო. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ბესიკ ბრეგაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს თვალი აქვს დაზიანებული.
“მას თვალი დაუზიანდა. როგორც ექიმები გვეუბნებიან, თვალი შენარჩუნებული აქვს, თუმცა სახის ძვლები აქვს დამტვრეული და აუცილებლად სჭირდება ქირურგიული ჩარევა”, _ აცხადებს ბრეგაძე.
“ნიუჰოსპიტალში” აცხადებენ, რომ სამი დაშავებულიდან ერთი მედიის წარმომადგენელია.
სპეცრაზმი პარლამენტთან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირზე მეეზოვეებმა გზა დაასუფთავეს. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. მათთან ერთად არიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმია მობილიზებული.
პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. აქციის მონაწილეებიის მიზანია, დღეს დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ 25 ნოებერს თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რიგ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.
ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნების “გერმანული მოდელით” ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
წყარო: იმედინიუსი