დღეს დილიდან, ოზურგეთის აგრარულ ბაზარსა თუ მარკეტებში, არც ისე ხალხმრავლობაა, როგორც ეს გასული წლების წინასაახალწლო დღეების მახასიათებელი იყო.
თუმცა, აქტიურად საუბრობენ მოახლოებული ახალი წლის წინ ფასების, მათივე თქმით, „გაფრენაზე“.
განსაკუთრებით აიწია ყველის, ხორცის, შინაური ფრინველის და ცხოველის ფასი.
აგრარული ბაზრის იმ კუთხეში, სადაც შინაურ ფრინველსა და ცხოველზე მოვაჭრეთა ნაგებობაა განთავსებული, გამყიდველ ქალბატონებს ოციოდე ფრინველი ჰყავთ გალიებში. ხოლო სამიოდე ინდაური, შენობის წინ თავისუფლადაა გაშვებული.
კითხვაზე, რა ღირს ქათმები, ინდაურები თუ გოჭი და რატომ არის ასე ცოტა რაოდენობით გასაყიდი , ერთ -ერთი ქალბატონი შემოგვწყრა:
_ სადაა ქათამი? ვის მოყავს? შიმშილობა დაწყებულია. კლავს ხალხი და ჭამს. სხვა დროს ამ პერიოდისთვის, გალიებში არ ეტეოდა, იმდენი გვყავდა, _ გვითხრა მან.
ფასი შესახებ კითხვისას კი უფრო გაბრაზდა:
_ფასს ჩვენ რას გვეკითხები? წადი და ივანიშვილს ჰკითხე!
_ თქვენი ქათმის ფასი ივანიშვილმა იცის?
_აბა, მე ვიცი? რომ გაძვირდა ყველაფერი, ფასები რომ გაფრინდა, ჩვენი ბრალია? დედალი 20 ლარი ღირს, მამალიც. ინდაური, ცოცხალი წონა, ერთი კილოგრამი _ ათი ლარი. გოჭიც ასევე, ცოცხალი წონა ათი ლარი… სადაა ისიც? აღარაა სოფლებში ცხოველ-ფრინველი. გამოელია ხალხს, _ გვითხრეს აქ.
რძის ნაწარმს რაც შეეხება, ოზურგეთის ბაზარში დილიდან ყველი 12 ლარი ღირდა და უმეტესად მალე გაიყიდა. ე.წ. გადამყიდველები აქტიურად ეძებდნენ სოფლიდან ცამოსულ ადამიანებს, რომ მათგან უფრო დაბალ ფასში ეყიდათ. ასევე, აქა-იქ იყო რძე, ერთი ლიტრი 2,5 ლარად.
_ერთი კილოგრამი ხმელი ლობიო 7 ლარი ღირს. დაეწია ყველის ფასს. გაუსწროს კიდეც, იქნებ… _ გვითხრეს აგრარული პროდუქტის გამყიდველებმა.
ერთი კილოგრამი ხორცი 19 ლარი ღირს. თევზის სხვადასხვა სახეობების ფასი სამი ლარიდან („ხამსა“) იწყება და („კობრი“, „კეფალი“) 8-10 ლარია. ჯერჯერობით, მკვეთრად არ შეცვლილა (ლობიოს გარდა) აგრარული პროდუქტის ფასი: ერთი კილოგრამი კარტოფილი ერთი ლარი ღირს, სტაფილო – 1,20 ლარი, კომბოსტო -70 თეთრი, ნიორი -6 ლარი, ხახვი-ერთი ლარი… კიდევ უფრო იაფია ხილი.
რაც შეეხება სასურსათო პროდუქტს მაღაზიებში, 1,90 ლარი ღირს ერთი კილოგრამი შაქარი. ყველაზე მეტად მოქალაქეები ზეთის ფასის ზრდის გამო წუწუნებენ , ერთი ლიტრის ფასი 5ლ არიდან იწყება. პურისფქვილის ფასზე კი, გაბრაზების გარდა, წყევლაც ისმის…
ახლა 50 კგ-იანი , ერთი ტომარა პურისფქვილი, საშუალოდ 62-68 ლარი ღირს. ფასების სხვაობა დამოკიდებულია გამომშვებ წისქვილკომბინატებზე.