დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქო რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით შეხვედრაზე საუბარი უწმინდესთან იწერებოდა. როგორც ბრალდებულის ძმა განმარტავს, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ შეხვედრიდან გასვლის შემდეგ შესაძლოა ოჯახს არასწორი ინფორმაცია გაეტანა, შესაბამისად ჩაწერა პრევენციის მიზნით ხორციელდებოდა.
„მან დააფიქსირა, რომ მამა გიორგი არის მართალი, უბრალოდ ეს ყველაფერი არის საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული. შეკითხვა დავუსვით ვინ ცდილობს დისკრედიტაციას, მაგრამ შეკითხვასთან დაკავშირებით ისევ და ისევ შემაწყვეტინეს. უკან არწივივით მედგა მამა დავით ჭინჭარაული და ხელს მადებდა მარცხენა მხარეს და ოდნავ მიჭერდა კიდეც, როდესაც მე მძიმე თემებს ვეხებოდი და ცდილობდა ჩემი საუბარი გაეწყვიტა და მას ესაუბრა, რის შემდეგაც მე უწმინდესს ვთხოვე, რომ თქვენო უწმინდესობა მე თქვენთან მოვედი და არა მამაოებთან პოლემიკის გასამართად. ხელს მადებდა, მიჭერდა, ვითომ მეგობრულად, მაგრამ ჩემი მეგობარი არ არის, მეორეჯერ ვხდები ამ ადამიანს. ეს ყველაფერი მიმართული იყო, რომ მე გავჩუმებულიყავი.
ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია რისთვისაც ჩვენ ვიყავით შესულები და გვაინტერესებდა პატრიარქის პოზიციასთან მიმართებაში, რაზეც დაგვიფიქსირა კიდევ ერთხელ, რომ მამა გიორგის ვენდობი და ეს ყველაფერი დანაშაულთან არ ასოცირდება და ასოცირდება საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენო,“-განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ.
მამა გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამა გიორგი მამალაძე ზიარებას უკვე ოთხი თვეა უშედეგოდ ითხოვს.
მისივე განცხადებით, დეკანოზის ოჯახმა სცადა ამ ინფორმაციის ილია მეორისთვის მიწოდება, თუმცა მათ სიტყვა მამა დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ჯინჭარაული პატრიარქისთვის ინფომრაციის დამალვას ცდილობდა.
„დავით ჯინჭარაულმა თქვა, რომ ხვალ ზეგ შევალთ და ვაზარებთო, რათა არ გვეთქვა, რომ მამა გიორგი ოთხი თვეა ითხოვს ზიარებას,“-აცხადებს თორნიკე მამალაძე.
მისივე ინფომრაციით, სრულიად საქართველოს პატრიარქმა დაკავებული დეკანოზის მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ დააფიქსირა.
„პატრიარქმა ისევ დააფიქსირა და თქვა, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს დისკრედიტაციისკენ მიმართული და მე მამა გიორგის ვენდობიო,“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
rustavi2.ge