თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყაჩაღობისა და ქურდობისთვის ბრალდებული გ.შ. დამნაშავედ სცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ წარსულში ძარცვისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.შ. 2016 წლის 3 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, დანით შეიარაღებული თავს დაესხა მ.ქ.-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა საფულე, ხოლო 2016 წლის 4 ნოემბერს, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ტანისამოსს.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა გ.შ. 2016 წლის 4 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარედგინა.
სასამართლომ გ.შ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.