ინციდენტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში – საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის ერთ-ერთ წევრს შორის დაპირისპირება მოხდა.
კომისიის წევრმა, გაერთიანებული ოპოზიციიდან, გოჩა ტალახაძემ აღნიშნა, რომ მან დაინახა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც უბანზე პირადობის მოწმობების გარეშე შევიდნენ და ხმა მისცეს.
მან ეს ყველაფერი მობილურ ტელეფონზე დააფიქსირა, თუმცა, მას შემდეგ რაც კომისიის თავმჯდომარემ დაინახა, რომ ის იღებდა, მასთან მივიდა და სომხურ ენაზე მიმართეს, რომ ტელეფონი გამოერთო.
ტალახაძის თქმით, მან სომხური არ იცის და ტელეფონი არ გამორთო, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ ტელეფონი წაართვა და დაამტვრია.
„ვცდილობდი იმის გადაღებას, რომ პირადობების გარეშე შემოდიოდნენ ამომრჩევლები, მოვიდა თავმჯდომარე, მელაპარაკებოდა სომხურად, არ ვიცი სომხური, წამართვა ტელეფონი, გადააგდო, გატეხა,“ – ამბობს ტალახაძე.
საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ინციდენტი დაადასტურა, თუმცა, აღნიშნა, რომ კომისიის წევრმა, ტალახაძემ კანონი დაარღვია, რადგან მან საარჩევნო სია გადაიღო, რის უფლებაც არ აქვს. ამ ფაქტს კი ტალახაძე უარყოფს.
წყარო: რუსტავი2