იურისტი ლია მუხაშავრია „გურია ნიუსთან“ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს და პასუხისმგებლობას შს სამინისტროსა და მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებს.
მისივე თქმით, „ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა“.
„პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს“, _ ამბობს იურისტი.
_ ქალბატონო ლია, პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების მოხდენის მიზნით ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რამაც ადგილზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. როგორ ფიქრობთ, “ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან რამდენად გააზრებული და მართლზომიერი ნაბიჯი იყო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება?
_პანკისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი მთლიანად შს სამინისტროა. ის, რაც აღნიშნულ რეგიონში მოხდა, მტრის წისქვილზე ასხამს წყლის. პანკისელები არიან საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეები, რომლებსაც ისევე შესტკივათ გული საკუთარ მიწა-წყალზე, როგორც საქართველოს სხვა კუთხის მაცხოვრებელებს. ხელისუფლების მხრიდან პანკისელების დასჯის მცდელობა მიმართულია იმისკენ, რომ მათ აიძულონ საქართველო აღარ უყვარდეთ. პირდაპირ ვაცხადებ, გახარია და მისი უწყება ქვეყნის მტერია იმ ქმედებების გამო, რაც მათ პანკისში განახორციელეს.
_ შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების მობილიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელზე, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ადგილზე იქნა გაგზავნლი, თავდასხმა განახორციელა. მინისტრის ამ განცხადებას როგორ აფასებთ?
_ ეკონომიკის სამინისტროს არ ევალება, შეაფასოს ის რისკები და შედეგები, რომლებიც ასეთი ოპერაციის ჩატარებას მოჰყვება. ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და კანონიერების დაცვაზე პირადად გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი. მინისტრს პასუხისმგებლობისგან ვერანაირი განმარტება დაიცავს. მეტიც, ხელისუფლებიდან გახარიას წასვლის შემდეგ, პანკისში განვითარებული მოვლენების შედეგებზე მისი პასუხისმგებლობა არ მოიხსნება.
_არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოში ჰესების მშენებლობის შესახებ არაობიექტური დასკვნები გაიცემა. მაგალითად, „დარიალ ჰესის“ მშენებლობის დასკვნაზე, რომელმაც გაუთვლელი პროგნოზების შედეგად ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შენიშვნები არ ჰქონია. როგორ ფიქრობთ, გარემოს დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რატომ ვერ ხერხდება?
_ ჰესების მშენებლობაში მთავარი პრობლემა კორუფციის არსებობაა. ხელისუფლების სათავეში მოსულ პირებს დიდი სურვილი აქვთ იმისა, რომ ჰესების მშენებლობისა და ამ მშენებლობის ნებართვის გაყიდვის ხარჯზე ძალიან დიდი ფული იშოვონ. ასეთი ქმედებები პროფესიონალი ბუნების დამცველებისა და ენერგეტიკოსების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად, სამწუხაროდ, გრძელდება, რაც, პირველ ყოვლისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია. სპეციალისტები ამბობენ, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოსა და ბუნებას, უფრო მეტად წაადგება ქვეყნის ენერგოგანვითარებას, რაც ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისმინოს.
_“ოცნებამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შემომწირველი და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მსხვილი ბიზნესის ლობისტად მიჩნეული მაღალჩინოსანი ნათია თურნავა განამწესა. ფლობთ ინფორმაციას მსხვილ ბიზნესმენებთან თურნავას საეჭვო კავშირების შესახებ? და ასევე, როგორ შეაფასებდით მინისტრის პორტფელის ჩასაბარების მიზნით რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი გიორგი ქობულიას გათავისუფლებას?
_არამგონია, რომ ქალბატონი თუნავა კორუფციაში ჩართული იყოს და მისი დაწინაურება აღნიშნულით იყოს განპირობებული. მას ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვა და კვალიფიკაციით არავის ჩამოუვარდება. რაც შეეხება გიორგი ქობულიას, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ის სხვა პლანეტაზე მოხვდა. მისი ცნობილი გამონათქვამები, რომლებიც მის არაადეკვატურობას უსვამდა ხაზს, იმაზე მეტყველებდა, რომ ექსმინისტრი საქართველოში არსებულ ვითარებას საერთოდ არ იცნობდა. ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების პროცესი გაგრძელდება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის შეცვლაც არ არის გამორიცხული, რადგან “ქართული ოცნება“ საზოგადოებაში არსებულ მზარდ უკმაყოფილებას ხედავს.