2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტიმ დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სასულიერო პირმა მემორიალთან ჟურნალისტების დაპირისპირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის მიუღებელია ის, რაც მემორიალთან დღეს ხდებოდა,
“13 ივნისი, ეს იყო შემზარავი დღე, არა მარტო ჩემი ოჯახის ცხოვრებაში, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მე შვილი დამეღუპა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დღეს გლოვის დღეა. ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან მოდიხართ ჟურნალისტები და მართავთ შოუებს. პოლიტიკოსები მოვიდნენ და თქვენც მოხვედით, რომ მათთვის სულ სხვა საკითხებზე დაგესვათ შეკითხვები. დასდევთ მიკროფონებით პრემიერს და მერს, შემდეგ ერთმანეთს სცემეთ. დღეს რაც აქ ხდებოდა, არის მიუღებელი და ჩანს, რომ ტრაგედია თქვენ არ გაინტერესებთ. პოლიტიკოსებს ვთხოვ, რომ არ მოვიდნენ მომავალ წელს ისინი და თუ აღარ მოვლენ, არც თქვენ მოხვალთ აქ, რადგან რეალურად თქვენ ისინი გაინტერესებთ”.
შეგახსენებთ, რომ მწვავე დაპირისპირება იყო დღეს ჟურნალისტებს შორის – ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში 13 ივნისის მემორიალთან მთავრობის პირების სტუმრობას აშუქებდენ, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ინტერვიუს დასრულების შემდეგ ადგილიდან პირდაპირი ეთერი გადაიცემოდა.
იმედისა და პალიტრის ჟურნალისტები ერთმანეთს სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სავარაუდოდ, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ინტერვიუს დროს ერთმა ჟურნალისტმა მეორეს მიკროფონი გადაფარა.
წყარო: ნიუპოსტი