2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა. რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი მთლიანად შეიცვალა. ახალი კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება დამოკიდებულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე.
სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს ის პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში (2020 წლის 31 ოქტომბერი) ხმების 1%-ს მაინც მოიპოვებს.
როგორც კანონში წერია, პირველი 50 000 ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის განსაზღვრულია 25 ლარი, ხოლო შემდგომი თითოეული ხმისთვის განსაზღვრულია 5 ლარი.
აღნიშნული დაფინანსების გარდა, პოლიტიკური სუბიექტები დამატებით დაფინანსებას მიიღებს, თუ ისინი გენდერული კვოტის დაცვის შემთხვევაში. კერძოდ, რომელი პარტიის საარჩევნო სიაშიც ყოველი მესამე განსახვავებული სქესის წარმომადგენელია, მისაღები დაფინანსების თანხის 30% დაემატება.
აღნიშნული წამახალისებელი გენდერული კვოტა კი 4-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა დაიცვა:
- ევროპული საქართველო;
- პატრიოტთა ალიანსი;
- ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები;
- ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 11-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსება სულ 14 პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, თუმცა, მათგან 3-მა პარტიამ ბიუჯეტიდან თანხის მიღებაზე უარი განაცხადა.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება ეკუთვნით შემდეგ პარტიებს:
„ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მის ბლოკში შემავალი პარტიები („მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“, „ევროპული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“); „ევროპული საქართველო“; ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (,,გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი, კანონი და სამართალი); „გირჩი“; „ლელო“; „პატრიოტთა ალიანსი“; „ლეიბორისტული პარტია“; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“;
აღნიშნული პარტიებიდან, ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით 11-მა საარჩევნო პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა: ერთმა სახელისუფლებლო პარტიამ, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ და ორმა ბლოკმა (გაერთიანებულია 7 პარტია), ხოლო ორმა პარტიამ დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
ყველაზე სოლიდურ საბიუჯეტო დაფინანსებას სახელისუფლო პარტია ,,ქართული ოცნება“ მიიღებს.
,,გურია ნიუსი“ გთავაზობთ რომელმა პარტიამ როგორი საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო, ვინ თქვა დაფინანების მიღებაზე თანხმობა და უარი განაცხადა უარი.
დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა:
- ევროპული საქართველო (72 986 ხმა) _ 1 124 409 ლარი;
- საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“(523 127 ხმა) – 3 115 635 ლარი (აღნიშნულ ბლოკში შედის ხუთი პარტია, რომელთა შორის თანხა შემდეგი პროპორციით გადანაწილდება: ,,ნაციონალური მოძრაობა“ – 2 299 635 ლარი; ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240 000 ლარი; ,,პროგრესი და თავისუფლება“ – 12 000 ლარი; ,,რესპუბლიკური პარტია“ – 204 000 ლარი; ,,ევროპული დემოკრატები“ – 360 000 ლარი;
- საარჩევნო ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (60 671 ხმა) – 1 044 361 ლარი (აღნიშნულ ბლოკში შედის ორი პარტია, აქაც თანხა შემდეგი პროპორციით გადანაწილდება: ,,გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 939 925 ლარი; ,,კანონი და სამართალი“ – 104 436 ლარი);
- „ქართული ოცნება“ (928 004 ხმა) – 5 140 020 ლარი;
- „პატრიოტთა ალიანსი“ (60 480 ხმა) – 1 043 120 ლარი;
- „ლელო“ (60 712 ხმა) – 803 560 ლარი;
- „ლეიბორისტული პარტია“ (19 314 ხმა) – 289 710 ლარი.
პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე:
- „გირჩი“ (55 598 ხმა) – 777 990 ლარი;
- „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (25 508 ხმა) – 497 406 ხმა.
აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, რომლის შემდეგ, კანონის თანახმად, ცესკო ვალდებული იყო პარტიები, რომლებსაც თანხმობის წერილი წარდგენილი არ ჰქონდათ, წერილობით გააფრთხილებინა, რის შემდეგ პარტიებს კიდევ სამი დღე ექნებათ (28 ნოემბერი) ვადა, რათა დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადონ. თუ კი დადგენილ ვადებში თანხმობას კვლავ არ წარადგენენ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას დაკარგავენ.
პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშრებით, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაფინანსება პოლიტიკური პარტიისთვისა და არა საპარლამენტო საქმიანობისთვის, თუმცა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა არის არჩევნების შედეგების ირიბი აღიარება.
ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, რადგან, მათი თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პარტიებმა, ასევე, უარი თქვეს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე და საპროტესტო აქციებს აწყობენ. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის, მათ შორის თავმჯდომარის შეცვლასა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ოპოზიციის ბოიკოტს მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება“ არ იზიარებს. მათი თქმით, არჩევნები დემოკრატიულად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.
აქედან გამომდინარე, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების შუამავლობით პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.