ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში ერთი პირი დააკავეს.
1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.გ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის „აკს-უ“-ის მოდელის ავტომატი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული პიროვნება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.