ათი ოპოზიციური პარტია _ ,,ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატად, სავარაუდოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრს, გრიგოლ ვაშაძეს დღეს ოფიციალურად წარადგენს.
საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძის მონაწილეობას ფორმალობას უწოდებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე. მისი თქმით, ვაშაძის დასახელებით ,,ნაციონალური მოძრაობა“ არჩევენბში დამარცხებას აღიარებს.
,,გრიგოლ ვაშაძის დასახელებით ,,ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს, რომ არჩევნებში დამარცხდება. გრიგოლ ვაშაძე არ არის საზოგადოებაში პოპულარული ფიგურა. ამასთან, ძალიან კარგად ახსოვს, ხალხს რომ ვაშაძეს ვერაფრით ჩააბარებინეს რუსეთის მოქალაქის პასპორტი.
ვაშაძე არ არის ისეთი პოპულარული ფიგურა, რომელსაც შეიძლება რამე შანსი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ორგანიზებული პარტია დაუჭერს მხარს, როგორიც ,,ნაციონალური მოძრაობაა“. პარტიებმა იციან, რომ შანსი არანაირი არ აქვთ, უბრალოდ, ფორმალურად იღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში“, _ განაცხადა არეშიძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის მომავალი საპრეზიდენტო კანიდიატი, გრიგოლ ვაშაძე 1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით, კერძოდ, ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს: “Georgia Arts Management-სა“
და “Gregory Vashadze and BR-ის“.
2008 წლის 6 თებერვალს გრიგოლ ვაშაძე დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2008 წლის 2 ნოემბერს გახდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი.
რა შედეგს მოიტანს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გახდება ცნობილი. მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი ამ დრომდე არ დაუსახელებია.