ფოთში, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, (აღმაშენებლის ქუჩა), მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა გასული საუკუნის დასაწყისში, 1901-1910 წლებში გერმანელი არქიტექტორის, ედმონდ ფრიკის ავტორობით აშენდა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით ხასიათდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ახლა ქალაქს გადაეცა.
_ აღნიშნულ ობიექტს დიდი ღირებულებითი დატვირთვა აქვს ჩვენი ქალაქისთვის. მიხარია, რომ მოქალაქეების მრავალწლიანი თხოვნა უნიკალური შენობის ქალაქის საკუთრებაში გადმოცემის შესახებ, შესრულდა. უახლოეს მომავალში გახორციელდება შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები. პირველ ეტაპზე მოხდება პროექტირება, რის შემდეგაც, ფონდი ,,ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში ფოთის სამხატვრო გალერეა განთავსდება,“ _ წერს სოციალურ ქსელში ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია.