დღეს ქალაქ ფოთის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა ანა იოსავას პროცესი, რომელიც აქამდე ორჯერ იყო გადადებული.
ანა იოსავა 23 დეკემბერს ქალაქში “თევზის სუნის აქციაზე” დააკავეს. მას ედავებოდნენ ქუჩის უკანონო გადაკეტვას, სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და წვრილმან ხულიგნობას. თუმცა, ანას თქმით, მას დღეს ხულიგნობის ბრალდება მოუხსნენს.
“ ჩვენ მივიტანეთ ვიდეო მტკიცებულა, სადაც ჩანს ყველა ჩვენი ქმედება. სასამართლოზე ორი მოწმე წარვადგინეთ, რომლებიც ამტკიცებდნენ ჩვენს სიმართლეს და საუბრობდნენ ფაქტებით. ასევე სამართალდამცავებმა თავიანთ მხრივ წარადგინეს ვიდეო მტკიცებულება. კადრში ჩანდა უკვე დაკავებული ვიყავი და პოლიციის მანქანაში როგორ ვითხოვ ფანჯრის ჩამოწევას, იმიტომ რომ ცუდად ვიყავი. მეორე კადრში ჩანს ის რომ ვეუბნები ბორკილები მომხსენით, რა საჭიროათქო. სხვა მტკიცებულება არ ჰქონდათ.“
ანა იოსავას თქმით, პოლიციის მტკიცებულების არც ერთ კადრში მისი სახე არ ჩანდა. ის ასევე საუბრობს დათო ლოლუაზე, რომელიც როგორც ანა ამბობს აქციის დროს მასთან ერთად დააკავეს, მაგრამ ვიდეომტკიცებულებაში არ ჩანს და ბრალდება უსაფუძვლოა.
“ მასალებე ჩვენს სასარგებლოდ იყო და მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი ჩვენს წინააღმდეგ-დაგვაჯარიმა 1000 ლარი. პოლიცია მოსყიდულია ამ საქმეში. აუცილებლად ვაპირებ გასაჩივრებას”.
ანა იოსავას ინფორმაციით ფოთის საკრებულოს თავჯდომარეს ბექა ვაჭარაძეს საკრებულოს სხდომაზე პოლიციას მადლობა გადაუხდია აქციის მონაწილეების დაკავებისთვის. და განაცხადა, რომ თუ აქციის სახეს გამოხატვის თავისუფლებას გასცდება პოლიცია მიიღებს იგივე ზომებს.
“ მადლობა რისთვის ეკუთვნოდა პოლიციას? ჩვენ თევზის სუნის პრობლემა რომ გავაპროტესტეთ თუ ვინმეს ვუვარდებოდით სახლში და ამიტომ დაგვაკავეს?“-ამბობს ანა იოსავა.