საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება და გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“უკიდურესად შეძრწუნებული ვარ გუშინ თბილისში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს.
ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, უნდა გავერთაინდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა. ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ყავს!
ამ უმძიმეს წუთებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს“, _ აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
– ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ერთი კი დღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ერთ პირზე ძებნაა გამოცხადებული.