40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმო გურიაში _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმო, რომელიც კომპანია „წყალი მარგებელს“ ეკუთვნის, გასულ შაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა, თუმცა, გახსნამდე, ქარხნის ეზოში სიმბოლურად ციტრუსი დარგო.
ახლად გახსნილ საწარმოში „წყალი მარგებელი”, ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხთან” ერთად, სხვადასხვა სახეობის წვენს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს.
როგორც „წყალი მარგებლის“ დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა აღნიშნა, ახალი ქარხანა უდიდესია არა მარტო გურიაში, არამედ მთელ საქართველოში:
„წყალი მარგებელი დღეს 20 წლის გახდა და სიმბოლურია, ახალი ქარხნის გახსნა რომ დღევანდელ დღეს დაემთხვა“, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა.
ღონისძიებას, პრემიერის გარდა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
“განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე საწარმო იხსნება. მინდა, ეს დღე ყველაზე მეტად მივულოცო ადგილობრივ მცხოვრებლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ, ამ საწარმოში უნდა ააშენონ ქართული ინდუსტრიული პოტენციალის მომავალი. მართლაც მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საწარმო იხსნება. ნამდვილად ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამხელა მიღწევას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიალზე.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საუბარია არა მხოლოდ ერთ საწარმოზე, არამედ მთელ კომპლექსზე _ უკვე გაშენებულია 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღები, რომლის ფართობის 500 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ნედლეულზე:
“მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გიგანტი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის ბრენდის ქვეშ, როგორიცაა კომპანია “რაუხი”, ქართული პროდუქცია გაიყიდება არა ერთ საექსპორტო ბაზარზე. გილოცავთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან სტრატეგიული პროექტის გახორციელებაში.
ძალიან მახარებს, რომ გარემოსდაცვითი კუთხითაც დაცულია უმაღლესი სტანდარტები. მინდა, ყველა მეწარმეს საქართველოში ვთხოვო და მოვუწოდო, ასეთი სტანდარტი დავიჭიროთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყველა ტექნოლოგიური მიღწევის წინა ხაზზე. ეს ქარხანა სწორედ ამის დადასტურებაა”, _ აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მიხეილ სვიმონიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი, ასევე, ექსპორტზე გავა.