დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 10 მოწვევის პარლამენტის გახსნის დროს სიტყვის გამოსვლისას განაცხადა
„ამ დესტრუქციული კამპანიის ფარგლებში აგრესიის ქარცეცხლში მოყვნენ ისინიც, ვისი როლი ჩვენი სტაბილურობისა და განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომელთა თავდადება პანდემიასთან ბრძოლის უმძიმეს დღეებში მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს. მათი შეურაცხყოფა ჩვენი შეურაცხყოფაა. მე მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი მათ ყველას მაგივრად. ამ დესტრუქციული კამპანიის მიზეზიც ნათელია – ნდობა, რომელმაც განაპირობა პანდემიის პირველ ეტაპთან წარმატებით გამკლავება, უნდა შეირყეს და შეიცვალოს სკეპტიციზმით, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც მძიმე ვითარებას.
დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა! და გაუგებარია, როცა ამავე დროს მათ ვთხოვთ ჩვენს შიდა პროცესებში ჩართვას და მედიატორობას. ეს დაუშვებელია მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობისგან ქვეყანა ელოდება მეტ თანამშრომლობას და სოლიდარობას.
მედია, რომლის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატია, საკუთარ თავს აზიანებს, როდესაც წინ არ აღუდგება პოლარიზებას, ებმება პოლიტიკურ ბრძოლაში და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. საკუთარი თავის დისკრედიტაციით მან შეიძლება დაკარგოს ინფორმაციული ფუნქცია და საზოგადოების ნდობა. მისთვის FAKE ნიუსებიც დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მედიის ვალია, ამ გამოწვევებს პროფესიონალიზმით და მიუკერძოებლობით გაუმკლავდეს, რაც საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა.
ამ ჩამონათვალიდან ნათლად ჩანს, რომ დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე არა რომელიმე ერთი ინსტიტუტია, არამედ ყველაფერი, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა და რაზეც დღეს ის და მისი მომავალი დგას. თუ ამას წინ არ აღვუდგებით, მივიღებთ ნდობადაკარგულ, დემორალიზების გზაზე მდგარ, ნიჰილიზმით შემოსილ საზოგადოებას. ამგავრი საზოგადოება ხომ ყველა მტრის მიზანია. ამიტომ ამ ინსტიტუტების დაცვა სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს დაცვა! ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.