საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო, _ამის შესახებ განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი 5-მდე შემცირდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალური თემებთან შემდეგი თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ხდება, ესენია – ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთას და ამბროლაური.
რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, დღეს არსებული წესის ნაცვლად, რომლის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებულია. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტები პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტებზე ვეტოს დადებას საქართველოს პრეზიდენტს არასამთავრობო სექტორი თხოვდა.
მათი აზრით, თვითმმართველობის რეფორმით გათვალისწინებული სასიკეთო ცვლილებები აღნიშნული კანონპროექტებით მნიშვნელოვნად იზღუდება.