საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან მოვლენათა შორის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პირველ მრავალპარტიულ, საყოველთაო, თანასწორ, პირდაპირ და ფარულ არჩევნებს, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდა.
1917 წლის ნოემბერში მოწვეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ არაპირდაპირი წესით არჩეულმა ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1917 წლის ბოლოს გაჩნდა იდეა დამფუძნებელი კრების მოწვევის შესახებ. თუმცა, პოლიტიკური მოუმზადებლობისა და კრიზისის გამო, გადადებული იქნა სამომავლოდ.
1918 წლის ზაფხულში ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი კრების არჩევის წესსა და საარჩევნო დებულებაზე დაიწყო მუშაობა. კანონმდებლობის მომზადება რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მასში ეროვნულ საბჭოში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური სუბიექტი იყო ჩართული. 1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ (1918 წლის 8 ოქტომბრიდან პარლამენტად იწოდებოდა) დაამტკიცა კანონი – „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“, რომელიც 10 თავისა და 119 მუხლისგან შედგებოდა. შემუშავებული კანონი, თავისი შინაარსობრივი და პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, უაღრესად პროგრესული იყო. მაგალითად გამოდგება პირველი თავი – საერთო დებულება, რომელშიც პირველ მუხლში ვკითხულობთ: „დამფუძნებელ კრებას შეადგენენ წევრები, არჩეული მცხოვრებთა მიერ საყოველთაო – განურჩევლათ სქესისა, – თანასწორის, პირდაპირის და ფარულის ხმის მიცემით პროპორციული წარმომადგენლობის წესისამებრ;“ II თავის მე-3 მუხლი კი საარჩევნო უფლებას შეეხება – „დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეს, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი შესრულებიათ…“
საარჩევნო უფლება 20 წლის ასაკიდან განისაზღვრა. პარლამენტს ირჩევდნენ 3 წლის ვადით.
პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით არჩევნების ჩატარება ევალებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომლის თავმჯდომარე სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე ლომთათიძე იყო, ხაზინადარი – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი – გიორგი გვაზავა, ხოლო მდივანი – ანნა (ოლა) სოლოღაშვილი.
საარჩევნო კანონმდებლობაში 1919 წლის 10 იანვარს ჩასწორებები განხორციელდა, რომელიც ძირითადად ამომრჩეველთა საარჩევნო სიებში დამატებასა და ამორიცხვას შეეხებოდა. საქართველოს პარლამენტი და მის მიერ შედგენილი დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისია არჩევნების გამართვას 1919 წლის გვიან გაზაფხულზე ვარაუდობდა. შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი 1918 წლის 29 დეკემბერს კომისიის წინაშე ინიციატივით წარსდგა, რომელიც არჩევნების 1919 წლის თებერვალში გამართვას უკავშირდებოდა. თარიღი საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩა. 1919 წლის იანვარში პარიზში იხსნებოდა სამშვიდობო კონფერენცია, რომლის მუშაობაში საქართველოს დელეგაციას აუცილებელად უნდა მიეღო მონაწილეობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი საყოველთაო არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენელთა გამგზავრება იყო. საქართველოს პარლამენტმა და მის მიერ შექმნილმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურმა საპარლამენტო საარჩევნო კომისიამ შინაგან საქმეთა მინისტრის წინადადება გაიზიარა.
საქართველოს დამფუძნებელი კრების ცენტრალურმა საპარლამენტო საარჩევნო კომისიამ შეიმუშავა და დაადგინა საქალაქო, სამაზრო და საუბნო კომისიების ოქმების შედგენის წესები, რომელიც დაეგზავნა ყველა დონის კომისიებს გასაცნობად. ოქმის შედგენის წესები გამოქვეყნდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ ორგანოში გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. წესები და ოქმის ნიმუშები ასევე დაიბეჭდა სხვადასხვა პარტიის გაზეთებში. სასწავლო კურსებიც კი გამართა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
1919 წლის იანვრის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტება. ამ მიზნით საარჩევნო კომისია აქტიურ მიმოწერას ახორციელებდა ერობებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 22 იანვრიდან 26 იანვრამდე საარჩევნო კომისიამ განიხილა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიათა საკანდიდატო სიები და დაამტკიცა 15 საარჩევნო სუბიექტი.
საარჩევნო დებულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ბიულეტენები არ უნდა ყოფილიყო განსხვავებული. ამ ბიულეტენების ბეჭდვა ხორციელდებოდა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე უშუალოდ პარტიათა მიერ. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა შესაძლებელი იყო როგორც ქართულ, ასევე კონკრეტულ მაზრებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის – მათ მშობლიურ ენებზეც. პოლიტიკურ სუბიექტთა ნაწილმა წინასწარვე წერილობით აცნობა დამფუძნებელ კრებას, თუ როგორ სურდა ბიულეტენების დაბეჭდვა და რომელ ენაზე რამდენი ერთეული უნდა დაბეჭდილიყო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 თებერვალს მიიღო დადგენილება პარტიებისათვის აენაზღაურებინა ბიულეტენების ბეჭდვისა და დარიგების ხარჯები.
პარტიებს ნომრები მიენიჭათ რუსეთის დამფუძნელელი კრების და ქალაქის საბჭოების არჩევნების დროს არსებული ნომრებით (მაგალითად, დაშნაკციუტუნი ითხოვდა 4 ნომერს და მიენიჭა).
პარტიებს საკანდიდატო სიებში ქართული საზოგადოების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები ჰყავდათ წარმოდგენილი; მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 96-კაციანი საკანდიდატო სია წარუდგინა, სიის პირველი ნომერი ნიკო ნიკოლაძე გახლდათ. სიაში იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, სპირიდონ კეიდია, გერონტი ქიქოძე, იონა მეუნარგია, 42-ე ნომრად – მიხეილ ჯავახიშვილი, ხოლო 94-ე ნომრად – ნიკო კეცხოველი.
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას სიაში ჰყავდათ სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე, ნინო ნაკაშიძე და სხვები.
რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის საარჩევნო საკანდიდატო სიაში წარმოდგენილი იყვნენ მოქმედი ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი დავით ჩიქოვანი, ცნობილი მკვლევარი და მოგზაური თედო სახოკია, შემდგომში ცნობილი რეჟისორი ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი და მწერალი შიო დედაბრიშვილი (არაგვისპირელი).
ესტეტიური ლიგის საარჩევნო საკანდიდატო სია პოეტებს, პაოლო იაშვილს და ტიციან ტაბიძეს, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს, ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტ პავლე ინგოროყვას, მხატვარ ლადო გუდიაშვილსა და ხელოვან ალექსი არსენიშვილს აერთიანებდა.
ამის მიუხედავად, ამომრჩეველმა მხარი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას დაუჭირა მხარი და მათ დამფუძნებელ კრებაში მანდატების დიდი უმრავლესობა მოიპოვეს.
არჩევნები 1919 წლის 14 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა. ძირითადი არჩევნები 13 მაზრასა და 17 ქალაქში ჩატარდა.
უამინდობის, სამხედრო ვითარებისა და სხვადასხვა მიზეზების გამო, ზემო სვანეთში, ბორჩალოს მაზრაში, დუშეთის მაზრის რამდენიმე უბანზე, სოხუმის ოლქში, ახალქალაქსა და ახალციხეში არჩევნები ვერ გაიმართა, თუმცა, მცირე ხანში აქ დამატებითი არჩევნები ჩატარდა.
1919 წლის 9 მარტის სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო დამფუძნებელი კრების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეაჯამა არჩევნების შედეგები და დაადგინა იმ პირთა სია, რომლებიც არჩეულნი იქნენ საკანონმდებლო ორგანოში. დამფუძნებელი კრების არჩევნების შედეგად 130 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის: #1 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 109 მანდატი; #2 საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8 მანდატი; #3 საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია – 5 მანდატი; #5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია – 8 მანდატი.
1920 წლის 21მაისს გამოქვეყნდა მეორე დამატებითი არჩევნების საბოლოო შედეგები და პარლამენტში ადგილების გადანაწილების ცხრილები. მეორე დამატებითი არჩევნების შედეგად დამფუძნებელ კრებაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: #1 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია – 102 წევრი; #2 საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 8 წევრი; #3 საქართველოს სოციალისტრევოლუციონერთა პარტია – 6 წევრი; #4 სომეხთა სარევოლუციო პარტია „დაშნაკცუთუინი“ – 3 წევრი; #5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია -9 წევრი; #8 საქართველოს ეროვნული პარტია – 2 წევრი.
დამფუძნებელი კრების არჩევნებში თავისი პოლიტიკური ნება ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტმა გამოხატა.