ოპოზიცია დღეს 19:00 საათზე ისევ რუსთაველზე შეიკრიბება. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, რუსთაველზე გაკეთდება განცხადება, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
„დღეს ვითათბირეთ დილიდან გვექნება თათბირი. ხალხთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ სამოქმედო გეგმა,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ბოკერია ამბობს, რომ მოხდა ძალის გადამეტება, პრემიერის განცხადება კი იყო მაგალითი, როგორი განცხადება არ უნდა გაკეთდეს.
“ამ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე გამორიცხულია განმუხტვა. ეს აღარ არის მხოლოდ კობახიძის პასუხისმგებლობა. ეს არის გახარიას პასუხისმგებლობაც,”-აცხადებს ბოკერია.
მისი თქმით, სრული ოპოზიციური სპექტრი იზიარებს სამ მოთხოვნას, კობახიძის გადადგომას, გახარიას გადადგომას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას.