გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, რომელიც დღეს, 24 ივლისს საკარანტინე ზონად გამოცხადდა, კორონავირუსის 26 დადასტურებული შემთხვევაა _ ამის შესახებ კომენტარი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა.
„26 არის ყარაჯალარში, მთლიანად გარდაბნის მუნიციპალიტეტში კი 43 დადასტურებული ფაქტი. ყველა სოფელში მიდის შესაბამისი კვლევები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა პერიმეტრს აკონტროლებს. ადგილობრივებს საკარანტინე პირობების რეჟიმში არ შეეძლებათ გადაადგილება და სოფლის დატოვება, თუმცა, ყველა საჭიროება გათვალისწინებული იქნება“, _ თქვა შოთა რეხვიაშვილმა.
კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა სოფელ აღთაკლიაში, ხოლო 1 _ გამარჯვებაში.
Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.