“ყაზტრანსგაზმა” საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. როგორც ყაზახური მედია წერს, კომპანიამ ვერ შეძლო საქართველოში შვილობილის გაყიდვა და ახლა მის დასბრუნებლად იბრძვის. როგორც “ყაზმუნაი გაზის” ხელმძღვანელმა საუატ მინბაევმა გამოცემა abctv.kz-ს განუცხადა, “ყაზტრანსგაზმა” საარბიტრაჟო სასამართლოში “ყაზტრანსგაზ თბილისის” დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა.
“პროცესი დაწყებულია და ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებს. შეიძლება, მოვილაპარაკოთ, შეიძლება გავარძგელოთ პროცესი. ამის პროგნოზირება ჩემთვის შეუძლებელია“,- განაცხადა “ყაზმუნაი გაზის” ხელმძღვანელმა.
Global Arbitration Review-ის ინფორმაციით, სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია.
როგორც ყაზახური მედია წერს, 2016 წლის მარტში „ყაზტრანსგაზმა“ მიიღო წინადადება „ყაზტრანსგაზ თბილისის“ გაყიდვასთან დაკავშირებით ქართველი ინვესტორისგან, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.
“იყო ასეთი მყიდველი. მაგრამ სინამდვილეში ამ აქტივის გაყიდვა ასეთი ადვილი არ არის. ის მუშაობს ზარალზე. თუმცა, ეს ჩვენი აქტივი იყო და მისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დროდადრო მის მიმართ ინტერესი ღვივდება”,- აცხადებს „ყაზმუნაი“ გაზის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ “ყაზტრანსგაზმა” “ყაზტრანსგაზ თბილისზე” კონტროლი 2009 წელს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაკარგა. მიზეზი კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 40 მილიონი დოლარის ვალია. მაშინ მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნა. ამ დრომდე “ყაზტრანსგაზი” შვილობილის მართვაში ჩართული არ არის.
რაც შეეხება საქართველოს მტავრობის პოზიციას, ენერგეტიკის სამინისტრომ საარბიტრაჟო შეტყობინება უკვე მიიღო და ამჯერად უწყება შესწავლის ეტაპზე იმყოფება. მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ყაზახური მხარე ინვესტიციების ანაზღაურებას ითხოვს.
„შეტყობინება მოგვივიდა და შესწავლის ეტაპზე ვართ”.
“_ჩვენ მუდმივად ვესაუბრებოდით ყაზახურ მხარეს ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებაზე, ეს იყო ჩვენი სურვილიც და მზაობაც, მაგრამ სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება მიიღეს“, _ ამბობს ვალიშვილი.