“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვყავს,” _ განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვაზე, რომელიც ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მისივე თქმით, “შემოთავაზებული ვერსია იძლევა, თუნდაც თეორიულ, მაგრამ შესაძლებლობას, ძალიან დაბალი პროცენტის მიღების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ პირველ ადგილზე გასვლის გამო, პარტია ფლობდეს მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობასაც კი.”
ირაკლი აბესაძე უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მომავალ არჩევნებში “ოცნება” გაიმარჯვებს და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვყავს, რომელმაც 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა:
“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება გვყავს, სამწუხაროდ. არასდროს ხელისუფლებაში არ ყოფილა პარტია, რომელმაც 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. რაც შეეხება სისტემას, გამოდის ჩვენ ვთანხმდებით, რომ სისტემა არსებითად იძლევა შესაძლებლობას, თუნდაც იმ 20%-ის ან მეტი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალი ბონუსი მიიღოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ,” _ განაცხადა ირაკლი აბესაძემ.