ტურიზმი დასვენების ერთ-ერთი ფორმა და ამავდროულად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 3,561,961 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,997,448 შეადგინა, ზრდა+16.4%-ია.ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,933,774 შეადგინა, რაც 359,930-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +22.9%).
ყველაზე ხშირად ქვეყნის რომელ რეგიონს სტუმრობენ ტურისტები და აქვთ თუ არა განსაკუთრებული მოთხოვნები ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას_ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ერთ-ერთ ტურისტული კომპანიის, „გრანდ თრეველის“ დირექტორს, ელისაბედ კაპანაძეს ესაუბრა.
„გრანდ თრეველის“ დირექტორის თქმით, ტურისტები უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებენ სადაც ქართული მწვადის დაგემოვნებას, ღვინოს დაჭაშნიკებას და ხინკლის მოხვევის მასტერკლასის ჩატარებას შეძლებენ, უპირატესობას კი სასტუმროებს ანიჭებენ, რომელსაც აუზი აქვს.
ელისაბედ კაპანაძის თქმით, ტურისტები ძირითადად კახეთს, აჭარას, ყაზბეგს და რაბათს სტუმრობენ.
„მიუხედავად იმისა, რომ კახეთში ძალიან ცხელა ახლა, აუცილებლად ითხოვენ კახეთის მონახულებას. იქ ღვინოს გამო მიდიან. ბათუმი აქტუალურია და რამდენიმე დღით დარჩენად ითხოვენ, ასევე ითხოვენ აჭარის რეგიონში 1 დღიან ექსკურიას. ბათუმი ყველაზე ძვირადღირებული რეგიონი გამოდის სასტუმროებით და კვებით. ასევე ადიან ყაზბეგში. ძირითადად, ოჯახებით მიდიან და ბავშვებთან ერთად სვანეთში წასვლა უჭირთ, გზა ეშორებათ. ამიტომ ურჩევნიათ, აირჩიონ ისეთი ადგილები, სადაც ბავშვებთან ერთად შეძლებენ წასვლას. ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა რაბათი. თუმცა, რადგან გზა დიდია რაბათამდე, 1 დღით დარჩენას არჩევენ და მეორე დღეს დაბრუნებას“, _ამბობს კაპანაძე.