საქართველოს მთავრობის 2017 წლის #588 განკარგულების შესაბამისად, რომელშიც 19 მაისს გამოცემული #984 ბრძანებით კორექტირება შევიდა, ფაროსანასთან საბრძოლველად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 170 700 ლარი სახელფასო ფონდისთვის და 13 656 ლარი საწვავისთვის გამოეყო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა ურთიერთობის განყოფილების უფროსის ზურაბ კოტრიკაძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხები ორჯერადი დამუშავებისთვის გამოიყო, თუმცა, იმის გამო, რომ სამუშაოების ჩატარება დაგვიანებული იყო, მხოლოდ ერთჯერადი შეწამვლა მოხდა.
_ ვინაიდან დაგვიანებით მოხდა თანხის გამოყოფა, მხოლოდ ერთჯერადი შეწამვლა მოხდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კოტრიკაძემ.
მისივე თქმით, ამის გამო ჩოხატაურში გამოყოფილი თანხების მხოლოდ ნახევარი დაიხარჯა:
_ სახელფასო ფონდზე, რომელიც 82 კაცზე განაწილდა, დაიხარჯა 85 350 ლარი და სულ შეიწამლა 1 707 ჰექტარი ფართობი, რისთვისაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი, ნიფეტრინის შემცველობის წამალი _ 2224 ლიტრი „ზონდერი“ დაიხარჯა. რაც შეეხება საწვავის თანხას _ ისიც გამოყოფილი თანხის ნახევარი დაგვეხარჯა, _ გვითხრა კოტრიკაძემ.
როგორც გავარკვიეთ ადამიანები, რომლებიც ფართობებს წამლავდნენ, სოფელში მერის (მაშინ ჯერ კიდევ გამგებლის) წარმომადგენლების მიერ იქნენ შერჩეულები:
_ ყველა სოფელში მოხდა მოსახლეობის ინფორმირება ამის შესახებ და დასაქმდნენ ისინი, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს. ყველა სოფელში, სოფლის წარმომადგენლების მიერ კონტროლდებოდა ვინ რა რაოდენობის ფართობს წამლავდა და ამის მიხედვით გაიცა ანაზღაურებაც, _ აღნიშნა კოტრიკაძემ, რომლის ინფორმაციით ეს ადამიანები შეწამვლის დაწყებამდე დაატრენინგეს.
კოტრიკაძის თქმით, ამ ერთჯერადი შეწამვლის შედეგად, ფაროსანას მიერ თხილის დაზიანების მასშტაბმა მხოლოდ 10-15 პროცენტი შეადგინა:
_ დაზიანება იყო საყანე ფართობებშიც. თუმცა, თხილისგან განსხვავებით საყანე ფართობების შეწამვლა დროულად მოხდა, _ თქვა კოტრიკაძემ.
მისივე ინფორმაციით, გარდა ამ ღონისძიებებისა, მოსახლეობაში 9346 ლიტრი „ინსეკარინი“ უფასოდ დარიგდა:
_ დამატებითი ღონისძიება ჩოხატაურში სურსათის უვნებლობის სამსახურმაც გაატარა. მათ მიერ ნისლითა და წყლის დასხურებით 3000 ჰექტარი ფართობი შეიწამლა, _ გვითხრა კოტრიკაძემ.
მცენარეთა დაცვის აგრონომის გურამ მინდიაშვილის თქმით, რომელმაც ქვეყანაში “ზონდერი” შემოიტანა,1707 ჰექტარზე 2224 ლიტრი „ზონდერის“ დახარჯვა საკმარისია:
_ ცოტა მომატებულადაც კი არის დახარჯული წამალი. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ადვილად დაამარცხონ მავნებელი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მინდიაშვილმა.
_ ბატონო გურამ, როგორც გვითხრეს, თანხის დაგვიანებით გამოყოფის გამო, მხოლოდ ერთხელ მოხდა ფართობების შეწამვლა. როგორც ფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს მომავალ წელს მოსავალზე?
_ ახლა მავნებელი მოზამთრე დიაპაუზაშია წასული თავისი ბიოლოგიიდან და ცხოვრებიდან გამომდინარე. ვინაიდან, ბოლო წამლობა სწორად იქნა ჩატარებული, ეს გარკვეულწილად შეამცირებდა მოზამთრე მარაგს.
თუმცა, ეს მავნებელი სამუდამოდ არასოდეს მოიძირკვება და არც არასოდეს მოძირკვულა. ის წლებია არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მას პოპულარულ ენაზე ვიცნობთ, როგორც სუნიან ბაღლინჯოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი, მცენარეთა დამცველების ვალდებულებაა, ისეთ დონემდე მივიყვანოთ, რომ ზიანის მომატანი არ იყოს, თორემ ბიოლოგიურად ის ყოველთვის იქნება.
მთავარია, აფეთქება არ მოხდეს და ამისთვის ქვეყანა მზად არის. როგორც ვიცი, იმარაგებენ პრეპარატებს, რომელსაც მოსახლეობას დაურიგებენ და ადრე გაზაფხულზე, როდესაც დიაპაუზიდან გამოვა მავნებელი, დაიწყება მისი წამლობა. ვფიქრობ, იმ დონეზე დადგება, როგორც ამერიკაში, სადაც წლების განმავლობაში ებრძოდნენ და ახლა ისეთ რაოდენობაზე არსებობს იქ, რომ ზიანის მოტანა არ შეუძლია, _ გვითხრა მინდიაშილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობისთვის დარიგებულ წამალს „ინსეკარინს“ ზუსტად ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც „ზონდერს“, რადგან ორივე ნიფეტრინის შემცველი პრეპარატია.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 12 008 ჰექტარია. აქედან, 2 200 ჰექტარზე თხილია გაშენებული, ხოლო 2 581 ჰექტარზე _ ყანები.