გასულ თვეში “გურია ნიუსი” წერდა ოზურგეთს აგრარული ბაზრიდან ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელების მიერ ნაგვის ურნების გატანის შესახებ. მიზეზი ამ ნაბიჯის გადადგმისა, როგორც ორივე მხარე ადასტურებს, დასუფთავების საფასურის გადაუხდელობა გახდა.
როგორც მაშინ შპს “სოფლის ნობათის” დირექტორი ნოდარ ცინცაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავდა, პრობლემა უახლოეს დროში მოგვარდებოდა, თუმცა, ეს მარტივი არ აღმოჩნდა _ მხარეები ვერ მორიგდნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, კონკრეტულად, დასუფთავების სამსახურში მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნა კანონიერია, ექვემდებარება კანონს და დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის გამო, შპს “სოფლის ნობათი”, როგორც თავიდანვე ამბობდნენ, ხუთასი ლარით დააჯარიმა. “სოფლის ნობათის” ხელმძღვანელებმა არც ჯარიმა გადაიხადეს და დავა სასამართლოში გაგრძელდა, თუმცა, იგი მომდევნო კვირისთვის გადაიდო.
შპს “სოფლის ნობათის” ადვოკატი, გიორგი ხუროშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი, რომელიც განიხილავდა, თუ როგორ დააჯარიმა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა “სოფლის ნობათი” ერთ კვირაში ორჯერ, ხუთას-ხუთასი ლარით.
_ ხუთასლარიანი ჯარიმა ზედამხედველობის სამსახურმა დაუწერა კომპანიას იმისთვის, რომ მათ ხელი არ მოაწერეს დასუფთავების სამსახურის მიერ შეთავაზებულ კაბალურ ხელშეკრულებას.
კომპანია პირნათლად იხდის გადასახადს იმ რაოდენობით, რასაც კანონი ითვალისწინებს. შპს “სოფლის ნობათს” იჯარით გადაცემული აქვს ოთხიათას ოთხასი კვმ. მიწის ნაკვეთი, მათზე განთავსებული შენობებით. ამ შენობების საერთო ფართი 1 137 კვმ-ს შეადგენს. აქედან, 737 კვმ. გაცემულია ქვეიჯარით და ეს ქვემოიჯარეები პირნათლად იხდიან გადასახადს. დარჩა 3 263 კვმ. სავალი ნაწილი ანუ შიდა გზები, რომლითაც ყველა თანაბრად სარგებლობს და გადასახადის გადახდას არ ექვემდებარება. კომპანიები, რომლებიც გაცილებით მეტ ფართს ფლობენ, რომელი მათგანი იხდის იმ ზომის გადასახადს, რაც “სოფლის ნობათს” დაუწესეს? აი, ასეთ კაბალურ ხელშეკრულებას არ მოაწერა ხელი კომპანიის დირექტორმა, რისთვისაც დააჯარიმეს 500 ლარით, რომელსაც, რა თქმა უნდა სასამართლო გააბათილებს, _ გვითხრა ხუროშვილმა.
თუმცა, ხუროშვილს და ასევე, “სოფლის ნობათის” ხელმძღვანელს არ ეთანხმება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისცენტრის უფროსი თენგიზ ქუტიძე _ მან “გურია ნიუსთან” აღნიშნულ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
_ ჩვენ უკანონოდ არაფერს ვითხოვთ. ტარიფი ჩვენ ხომ არ დაგვიდგენია? იციან, რომ ეს არის საკრებულოს გადაწყვეტილება. მე ვესაუბრე ბაზრის დირექტორს. ბაზრის შიდა ტერიტორიის ფართს გამოვაკელით ყველა ის ფართი, რომელზეც შენობებია განლაგებული. ასევე, ვუთხარით, რომ თუკი რაიმე დაუტვირთავი ტერიტორიაა, ეთქვათ და იმასაც გამოვაკლებდით. რეესტრშია ეს ყველაფერი გატარებული _ ჩვენ ხომ არ მოგვიგონია?
რაც შეეხება შიდა გზას, ჯერ ერთი, ვინ დაარქვა “შიდა გზა”, სად წერია ასეთი რამ? ყველას რომ შიდა გზა დაარქვან, ფეხით სადაც უნდა გაიაროს ადამიანმა, მაშინ გადასახადსაც არავინ გადაიხდის. ნაგავი, რაც შიგ გროვდება, ესეც გამოაქვთ და ბაზრის გარეთ კი ყრიან მაინც ბუნკერებში. რა გამოდის? მაინც ჩვენ გაგვაქვს და ვემსახურებით უფასოდ. რაიმეს ახალს ხომ არ ვამბობთ?! ადრე როგორც იხდიდნენ, არ იყო სამართლიანი გადახდა. არასწორად არაფერია ნაანგარიშევი. დარწმუნებული ვარ, სასამართლო დავას მოვიგებთ. როგორმე უნდა მოწესრიგდეს ეს საქმე კანონიერად. მე ცუდს არაფერს ვაკეთებ, ჩემს მოვალეობას ვასრულებ. კანონის შესაბამისად ვმოქმედებ და არავის ინტერესი არ მაქვს, _ გვითხრა ქუტიძემ.
რა მდგომარეობაა დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში?
აქ დაგვხვდა საგანგებო აბრა წარწერით, რომ ნაგავი არ უნდა დაყარონ. ბაზრის მეორე კუთხეში კი შეგროვილი ნაგვის დაწვის მცდელობას რომ ჰქონია ადგილი, ნახევრად დამწვარ გროვას ეტყობა.
იქვე, შინაურ ფრინველითა და ცხოველებით მოვაჭრეები საუბრობენ ახლოს მცხოვრებ ვახრამოვების ოჯახზე, რომლებმაც ახლახან გამოთქვეს პრეტენზია, რომ ნაგავი და სუნი აწუხებთ.
_ სანამ ამ შენობას ააშენებდა სიორიძე, მანამდე ჩვენ ღამით მაგ ხალხს ვუტოვებდით გასაყიდ ქათმებსა თუ გოჭებს. ვიხდიდით ფულს, თუმცა, არასოდეს უთქვამთ, რომ სუნი აწუხებდათ. ახლა მოშორებით ვართ და რამ შეაწუხათ? მოკლედ, აირია მონასტერი… _ ამბობენ მოვაჭრეები.
რაც შეეხება შპს “სოფლის ნობათის” დირექტორის, ნოდარ ცინცაძის პოზიციას, ის ამბობს, რომ ამდენი გადასახადი არ ეკუთვნით და სასამართლოსაც ამიტომ მიმართეს. კითხვაზე _ რას იზამს, თუ სასამართლო პროცესს წააგებენ, ნოდარ ცინცაძემ თქვა, რომ იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად:
_ თუ სასამართლო დაგვაკისრებს ჯარიმის გადახდას, რა თქმა უნდა, გადავიხდით.
რაც შეეხება ნაგავს, ცინცაძემ თქვა, რომ ყველანაირად ცდილობენ ბაზარში სისუფთავე იყოს და სამართლიანი შედეგის დადგომამდე, ამის გამო, მოვაჭრეებს პრობლემებს არ შეუქმნიან.