საქართველოში რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩემპიონატში მონაწილე გუნდები სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო აქტივობას გეგმავენ. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს თიბისი გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა.
საქართველოს რაგბის კავშირი დიდი ხანია, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. რაგბის სამყაროში მსგავსი პროექტები ყველა მსოფლიო ჩემპიონატის ნაწილია და სოციალურ და საგანმანათლებლო საკითხებში მოთამაშეებისა და გუნდის მენეჯმენტის ჩართულობას გულისხმობს.
ჩემპიონატის მსვლელობისას სხვადასხვა სოციალურ აქტივობაა დეგეგმილი. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ღონისძიება ჰაკათონია, რომლის ფარგლებშიც ინგლისისა და მსოფლიო რაგბის IT სპეციალისტებთან ერთად საქართველოს რაგბის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეებს რაგბში და ზოგადად, სპორტში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ. სამატჩო დღეებში სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხო გზების კამპანიაც იგეგმება. გუნდები, ასევე, აქტიურად იქნებიან ჩართული ბავშვთა დღისა და გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში. ამასთან ერთად პროექტის ფარგლებში იგეგმება მედია ტურნირების, სამედიცინო და სამწვრთნელო სემინარების გამართვა.
ტურნირის სოციალურ პროგრამაში არაერთი პარტნიორი კომპანიაა ჩართული, მათ შორის, თიბისი ბანკი, ბილაინი, UN Women, სან-დიეგოს უნივერსიტეტი, Unicef, პარაოლიმპიური გადამზადების ცენტრი, ბავშვთა ჰოსპისი, Impact Hub, სახელმწიფო უწყებები და სხვა არასამთავრობო ორგნიზაციები.
(R)