ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
დაწყებულია გზების რეაბილიტაციის, წყლის სისტემებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობების რეაბილიტაციის პროექტები. სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე ნატანებში მერის წარმომადგენელთან, ამირან ბაქანიძესთან ერთად გაეცნო. მერმა ნატანები-ლეკიანის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. დაიწყო ქვემო ნატანების მე-17 ბრიგადის სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 157 055 ლარით ფინანსდება. ახალშენის უბანში მიმდინარეობს დაწყებითი სკოლის რეაბილიტაცია, სადაც სველი წერტილები მოეწყო. სამუშაოების ღირებულება 35 322 ლარს შეადგენს. მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
„ნატანები ოზურგეთში ყველაზე დიდი სოფელია. დასახლებული უბნების უმეტესობა მეწყრულ ზონაშია და მოსახლეობა ხშირად დგას ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა დაზიანებული გრუნტის გზები, ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები და ჩამოშლილი საკარმიდამო ნაკვეთები. დღეს მოვიარეთ ყველა პრობლემური ადგილი, დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც. შესაბამის სამსახურებს პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა დაევალათ. მზად ვართ შესაძლებლობის ფარგლებში ყველა საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ გადავწყვიტოთ,“-აღნიშნა მერმა. (R)