სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა ნინო შეწირულმა ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ა(ა)იპ „საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობებისა და ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
სამმართველოს ხელმძღვანელმა მოისმინა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ფართობების შეწამვლა ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში და დასრულდა თუ არა სამუშაოების პირველი ეტაპი.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ფართობების შეწამვლა პირველი ეტაპი ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჯერ არ დასრულებულა.
ნინო შეწირულის შეფასებით, გურიაში შეწამვლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებულმა ინფორმაციამ შესაწამლი პრეპარატის ტოქსიკურობასთან დაკავშირებით, შეწამვლის პროცესი მცირედით შეაფერხა.
„მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა გაფრთხილების მიუხედავად, მიირთვეს ახალშეწამლული თხილი, რის გამოც, მიიღეს ინტოქსიკაცია, მაგრამ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და დღეს ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან. ასე რომ, ყოველგვარი შიში არათუ გადაჭარბებული, არამედ უსაფუძვლოცაა, რადგან ბიფეტრინის შემცველი პრეპარატის საკმაოდ დაბალი კონცენტრაციაა გამოყენებული, რომელიც საზიანოა მხოლოდ აღნიშნული მავნებლებისთვის”, _ თქვა შეწირულმა.
ლანჩხუთელ ფერმერთა თქმით, შეწამვლის პროცესი დაგვიანდა კიდეც, იგი გაცილებით ადრე უნდა ჩატარებულიყო.
„ფართობების შეწამვლა თვენახევრის წინ იყო საჭირო, თუმცა, მაშინ ამინდიც არ იყო სახარბიელო და პრეპარატიც ხელმისაწვდომი არ გახლდათ. თხილის მოსავალი კი უკვე აღარ არსებობს, განადგურებულია“, _ ითქვა შეხვედრაზე.
თუმცა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენელებმა თქვეს, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები დაგვიანებული არაა და პირველი ეტაპის დასრულებისთანავე დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები, რითაც უფრო გააქტიურდება მავნებელთან ბრძოლა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, გურიაში, ჯამში სულ 12 500 ჰექტარი თხილის ფართობის შეწამვლა იგეგმება.