მიმდინარე წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში საკრებულოს თანხმობით მორიგი ცვლილება გახორციელდა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 18 იანვრით დათარიღებული განკარგულების შესაბამისად, რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ლანჩხუთს 1264761 ერგო, აქედან სახელმწიფო ფონდი შეადგენს 1201522 ლარს, ხოლო თანადაფინანსება _ 63239 ლარს.
და კიდევ, პროექტის „ უსაფრთხო ქალაქის, უსაფრთხო რეგიონის, უსაფრთხო ქვეყნის“ ფარგლებში, ზოგადი ხედვის კამერებისა და კვების ბლოკების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტს დამატებით 11 530 ლარის გაღება მოუწევს, რომლის დაფინანსების უზრუნველყოფა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ზრდის ხარჯზე იგეგმება.
ვიდეოკამერების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გაღებას არ ეთანხმება საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ამირან გიგინეიშვილი და ამის სანაცვლოდ ბიზნესის წამოწყებას ამჯობინებს.
„კამერები უნდა შევიძინოთ ჩვენი გაძვალტყავებული ბიუჯეტიდან. მსგავსი რამ არ მახსოვს, ოფიციალურად დაეძალებინოს მთავრობას (არაოფიციალურად კი, ბატონო, გვაძალებდნენ მიშას დროს) _ იყიდე შენი ბიუჯეტიდან, დაამონტაჟე და მერე მე მაჩუქეო. ყველაფერი ეს უნდა გააკეთოს სინამდვილეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს სამომავლოდ დამატებითი შემოსავალი იქნება ბიუჯეტისთვის, მაშინ ჯობია ვიყიდოთ ახალქალაქში კარტოფილი და მერე აქ გავყიდოთ, გაცილებით მეტი შემოსავალი გვექნება, ვიდრე ამ 11 ათასიდან“, _ ამბობს გიგინეიშვილი.
უმრავლესობის სახელით, გიგინეიშვილს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე მახათაძემ მისცა განმარტება, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობებია მუნიციპალიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.