ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ხარაგაულში ახალი სარკინიგზო ქსელის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.
ვიდეოში, რომელიც მან სოციალური ქსელით რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ამბობს, რომ სარკინიგზო ქსელის მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
„მოვითხოვ ამ მშენებლობის შეჩერებას, საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებას, დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას“,_ამბობს ნათელაშვილი.
რა ვითარებაა ხარაგაული-ჩუმათელეთის ტერიტორიაზე გარემოს დაცვითი კუთხით, აქვს თუ არა შესწავლილი აღნიშნული ტერიტორია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ექსპერტებს, უქმნის თუ არა გარემოს რაიმე სახის საფრთხეს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობა, გუბდება თუ არა ფიჭვნარის წყალი _ ამ კითხვებით „გურია ნიუსმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განვითარებულია ეროზია და სხვა სტიქიური გეოლოგიური პროცესები, რაც საცხოვრებელ სახლებს, სარკინიგზო და საავტომობილო გზებს აზიანებს.
„სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზემო იმერეთის ზონაში სტიქიური გეოლოგიური პროცესებით დაზიანებადობის ხარისხით განეკუთვნება ერთ–ერთ ყველაზე მოწყვლად მუნიციპალიტეტს. გეოლოგიური პროცესებიდან დომინირებს სხვადასხვა გენეზისისა და გენერაციის მეწყრულ–გრავიტაციული მოვლენები. ტერიტორიაზე გვხვდება ქვათაცვენები, კლდეზვავები და მდინარეთა მიერ წარმოებული გვერდითი და სიღრმითი ეროზიული პროცესები. გეოლოგიური პროცესები პერიოდულად აზიანებს საცხოვრებელ სახლებს და საკარმიდამო ნაკვეთებს, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალებს, ხიდებს და სხვა სამეურნეო კომუნიკაციებს“, _ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
როგორც უწყებაში გვითხრეს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა გასულ წელს შეისწავლეს სოფელ ზვარეს ტერიტორია და წარმოქმნილი გეოდინამიკური გართულებები შეაფასეს.
გარემოეს ეროვნული სააგენტოდან გვაცნობეს ისიც, რომ საქართველოს მთავრობასთან არსებულმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ და „საქართველოს რკინიგზამ“ დაავალა კონტრაქტორ კომპანიას (23-ე ბრიგადა) უბანზე 24-საათიანი ყოველდღიური მონიტორინგის გახორციელება.
„2017 წლის 14 მაისს სააგენტოს სპეციალისტებმა სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების (ს. საღირაშვილი, გ. ზაზაშვილი), ასევე llf & Deutche Bahn კონსორციუმის (რკინიგზის მშენებლობის ზედამხედველობა) თანამშრომლების (ს. მორანი, ი. არებეკი) და ჩინური სამშენებლო კომპანიის (23-ე ბრიგადა) წარმომადგენლების თანდასწრებით, ადგილზე გასვლით განახორციელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს ტერიტორიაზე 2017 წლის 13 მაისს მეწყრული პროცესებით წარმოქმნილი გეოდინამიკური გართულებების შეფასება. აღნიშნული ტერიტორია განეკუთვნება ხარაგაული-ჩუმათელეთის სარკინიგზო მონაკვეთს. 2018 წლის 23 აპრილს სს „საქართველოს რკინიგზა“-მ და კონტრაქტორმა კომპანიამ (23-ე ბრიგადა) სააგენტოში პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს მეწყრულ სხეულზე განხორციელებული დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ანგარიში. პრეზენტაციის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ კონტრაქტორი კომპანია ანალოგიურ კვლევებს განახორციელებს 2017 წლის 13 მაისს გააქტიურებული მეწყრული კონტურის მიმდებარედ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნულ მონაკვეთზე სარკინიგზო მაგისტრალის კონსტრუქციის ტიპის შესახებ. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მაისში, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ და სს „საქართველოს რკინიგზა“-მ დაავალა კონტრაქტორ კომპანიას (23-ე ბრიგადა) უბანზე განახორციელოს 24 საათიანი ყოველდღიური მონიტორინგი, რათა ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით (მათ შორის სოფ. ზვარეს მოსახლეობის მიმართებაში), დროულად იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები“,_ გვაცნობეს უწყებიდან.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სოფელ ზვარეს ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას სპეციალისტები წელსაც შეაფასებენ.
როგორც აღმოჩნდა, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია არ აქვთ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შედეგად ფიჭვნარის წყალის მთებს შორის შეგუბების და აქედან გამოწვეული შესაძლო საფრთხის შესახებ, რაზეც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ვიდეოში საუბრობს.
„გაცნობებთ, რომ სააგენტოს სპეციალისტები ყოველწლიური საგაზაფხულო გეგმიური გეოლოგიური მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე წელსაც დამატებით შეაფასებენ სოფელ ზვარეს ტერიტორიაზე არსებულ გეოდინამიკურ მდგომარეობას. რაც შეეხება წერილით მოთხოვნილ სხვა საკითხებს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს“,_წერია გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოწოდებულ წერილში.
სად ხდება რკინიგზის გაყვანისთვის საჭირო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადაყრა და როდის დასრულდება მაგისტრალის მშენებლობა_ ამ კითხვებით „გურია ნიუსმა“ „საქართველოს რკინიგზას“ მიმართა.
როგორც რკინიგზაში ამბობენ, ნარჩენებს წინასწარ შერჩეულ სანაყაროზე ათავსებენ, რომელიც გარემოს დაცვით ორგანოებთან შეთანხმებულია.
„სს ”საქართველოს რკინიგზა” ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს რომლის, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”. ხოლო სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს, აგრეთვე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ავსტრიული საინჟინრო კომპანია – ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი.
ამჟამად გვირაბის გაყვანითი სამუშაოები დასრულებულია, ხოლო სამუშაოების წარმოება მიმდინარეობდა ბურღვა-აფეთქებითი მეოთდოლოგიის გამოყენებით. მიღებული გამონამუშევარი ქანების განთავსება ხდება წინასწარ შერჩეულ სანაყაროზე რომლის პროექტიც მომზადებულია საკონსულტაციო კომპანია გამას მიერ და შეთანხმებულია შესაბამის გარემოს დაცვით ორგანოებთან.
ამჟამად პროექტით გათვალისწინებული 6 სარკინიგზო გვირაბიდან ყველა გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. მათ შორის, ამიერ კავკასიაში ყველაზე გრძელი (8830 მეტრი) სარკინიზგო გვირაბიც, რომელიც ერთმანეთთან დააკვაშირებს სოფელ ზვარესა და სოფელ ქვიშხეთს.
მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები სრულდება 2019 წლის ბოლოს“,_ამბობენ „საქართველოს რკინიგზაში“.