ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რიგგარაშე სხდომის ჩატარებას ითხოვენ. რა შემთხვევაში ინიშნება რიგგარეშე სხდომა? – ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტს ირაკლი პაპავას ვთხოვეთ.
“საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: (ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით; (ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; (გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით; (დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; (ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით.
ამასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომას. თუკი საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. რაც შეეხება საკრებულოს წევრთა ინფორმირებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, ამას, საერთო წესისამებრ, უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით“, _ გვითხრა ირაკლი პაპავამ.