ამ წუთებში საარჩევნო პროცესი ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, _ ასეთ შეფასებებს “გურია ნიუსთან“ მერობის კანდიდატების ერთი ნაწილი აკეთებს, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს “ქართული ოცნების“ კანდიდატმა.
მიხეილ გოგოტიშვილი, საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი: რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებია ჩვენს დამკვირვებლებს და არჩევნები მიდის მშვიდ ვითარებაში. ყველგან არის ერთი და იგივე ფაქტი _ შეიმჩნევა გაჩერებული სამარშრუტო ტაქსი, სადაც არიან კოორდინატორები და არკვევენ, ვინ მოვიდა და ვინ არა საარჩევნო უბნებზე. ასევე, ამომრჩევლები მოყავთ მანქანებით “ქართული ოცნების“ აქტივისტებს“.
ჩვენს კითხვაზე გადაყავთ თუ არა ევროპული საქართველოს აქტივისტებს ამომრჩევლები, მიხეილ გოგოტიშვილმა გვიპასუხა: “ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს“.
დავით მამალაძე, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” ოზურგეთის მერობის კანდიდატი: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მიდის. ყველგან არიან საჯარო მოხელეები და დაჰყავთ ამომრჩევლები. სოფლებიდან მოდის ინფორმაცია, რომ თითოეულ ამომრჩეველს აკონტროლობენ და ვინც არ მოდის ხმის მისაცემად, “ოცნების“ ხალხს მოჰყავს“.
თორნიკე გოგუაძე საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი: როგორ შეიძლება არჩვენები მშვიდ ვითარებაში მიდიოდეს, როდესაც ყველა საარჩევნო უბნის წინ არიან “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ამომრჩევლებს აყოვნებენ უბანში რომ შევიდნენ. ისინი ელაპარაკებიან მათ და აფიქსირებენ, ვინ მოვიდა საარჩევნო უბანზე და ვინ არა.
კობა ჯორბენაძე, საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატი: როგორც ვიცი, მთლად კარგად ვერ მიდის საარჩევნო პროცესები, ცოტათი არეულობა იყო დილით. როგორც ვიცი, ახლა დამშვიდებულია მდგომარეობა.
“ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული შტაბში გვითხრეს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს: თუ რამე დარღვევას აქვს ადგილი, შეუძლიათ წარმოადგინოს ფაქტები. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კონკურენტების წარმომადგენლები (ყველას ეს არ ეხება) ძალიან აგრესიულები არიან, ჩვენ გვაქვს ფაქტები, როგორ აქეზებენ ამომრჩევლებს და ასევე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა ბეგლარ სიორიძეს. ჩვენი წარმომადგენლები არანაირ კანონდარღვევას არ სჩადიან“.
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძეს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თამთა ჩხაიძეს თქმით, საარჩევნო პროცესებში არსებულ დარღვევებზე მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს.
“არ გვინდა ფაქტების გარეშე ვისაუბროთ და ამიტომ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუ რა მოხდა დღის განმავლობაში“, _ გვითხრა თამთა ჩხაიძემ.