მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანო ტრადიციას არ ღალატობს და მსოფლიო თასის ჯგუფების წილისყრას წინასწარ ატარებს, სანამ ყველა გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი. დღეს, 15:30-ზე, პარიზში, 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფები გამოვლინდება. ამ ტურნირში 20 გუნდი მონაწილეობს, მათგან 12 გუნდის ვინაობა უკვე ცნორილია, დანარჩენი მონაწილეები შესარჩევი ეტაპებით გაირკვევა. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, რომელსაც წესით არ უნდა გაუჭირდეს „რაგბი ევროპის“ მოგება და მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება (ევროპის მეორე ეშელონის ტურნირიდან, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, გამარჯვებულის გარდა მეორე ადგილოსანიც პირდაპირ ხვდება მსოფლიო თასზე, ხოლო მესამე ადგილოსანს რეპეშაჟში მოუწევს თამაში).
პირველი სამი კალათა უკვე დაკომპლექტებულია და გუნდები შემდეგნაირად არიან გადანაწილებული რეიტინგის მიხედვით :
1 კალათა: სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ინგლისი, უელსი.
2 კალათა: ავსტრალია, ირლანდია, საფრანგეთი, იაპონია.
3 კალათა: არგენტინა, შოტლანდია, ფიჯი, იტალია.
მე-4 კალათაში იქნებიან : ევროპა -1, ამერიკა – 1, ოკეანეთი – 1, აზია/ოკენეთი -2.
ბოლო კალათა კი ასეთი იქნება : ევროპა – 2, აფრიკა – 1, ამერიკა – 2, რეპეშაჟი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს მხოლოდ რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრა არ არის. საფეხბურთო სამყაროს ყურადღება შვეიცარიის ქალაქ ნიონისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც 15:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის, ხოლო 16:00 საათზე ევროპა ლიგის წილისყრა გაიმართება.