“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთელი ბიზნესმენი ილია კეჭაყმაძე რამაზ ნიკოლაიშვილს ურეკავს და არჩევნებში დახმარებას სთხოვს.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან” არც ერთმა მათგანმა არ დაადასტურა.
_ ვახ, რამ გაგახსენათ რამაზ ნიკოლაიშვილი?!… თქვენ ობიექტურები ხართ ძალიან, თქვენგან ვიგებ, რა ხდება გურიაში… გავიგე, “ფაროსანა” არის, თურმე… ოზურგეთში ვიყავი და არ გინდოდათ ჩემი ყოფნა…. ახლაც ხშირად ჩამოვდივარ ოზურგეთში მეუფესთან, _ გვითხრა თავდაპირველად რამაზ ნიკოლაიშვილმა.
ჩვენმა კითხვამ, მართლაც დაურეკა თუ არა მას ილია კეჭაყმაძემ, დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი გააღიზიანა: _ ვიფიქრე, მომიკითხავდით…. არ არის სიმართლე _ ილა კეჭაყმაძეს ჩემთან არ ულაპარაკია, ტყუილია. 3 წელია კონტაქტი არ მქონია. ჯერ ერთი, რა უფლებით უნდა დამირეკოს ილა კეჭაყმაძემ, ვინ არის რომ დამირეკოს?! ილა კეჭაყმაძე ისეთი ტიპია, რომ ილამ და ის მერობის კანდიდატი როა, რა გვარია? ან მეორე როა, იმათ მაგის “ტრ…ი ” აქვთ ან უფლება, რომ დამირეკონ?! ჩამოდი,დამეხმარე, თურმე!!!
_ ბატონო რამაზ, ბეგი სიორიძემ აღნიშნა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ “თქვენ ყველას სჯობიხართ”…
_ ეგ რა შუაშია?! ეგ შეფასებაა. ახსოვს ამ კაცს, იმ ქალაქში, რომელსაც ეგ მართავს, ბევრი მაქვს გაკეთებული, იმაზე მეტი, ვიდრე დღევანდელ კანდიდატებს ერთად… რატომ არ უნდა იძახდეს მაგას?! მე ვნახე ეგ ვიდეო _ გადმომიგდო ერთმა ჩემმა მეგობარმა. ვნახე, რაც თქვა. პოლიტიკაა ეს, ქულებიც დაიწერა. ჯერ ერთი, ზეგ არჩევნებია და ჩამოსული მნახეთ?! ვინმეს ვთხოვე, ვინმეს დავურეკე?! არ ვაპირებ ჩავერიო, იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ვარ გულნატკენი… ილა ვერ დაურეკავს ნიკოლაიშვილს, იცოდეთ ეგ…
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ილია კეჭაყმაძეს, რომელმაც არ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ რამაზ ნიკოლაიშვილთან 3 წელია ურთიერთობა არ ჰქონია:
_ მამის საფლავს გეფიცებით, 3 წელია, რამაზ ნიკოლაიშვილთან ურთიერთობა არ მქონია, ან რა მაქვს ვინმესთან სათხოვარი, როცა არჩევნებს პირველ ტურში ვიგებთ?! _ ამბობს კეჭაყმაძე.