ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე საქართველოს სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის სახით სამწლიანი პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა. როგორც პოლიტოლოგი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილების გამოყენების გამო, პრეზიდენტის ულებების შეზღუდვაა. ძაბირაძე საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებასაც აფასებს.
,,მარგველაშვილს პრეტენზია არ გამოუთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა, არამედ თქვა, რომ იმ მუხლთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს, მათ შორის შეწყალების უფლებას. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის ამ მუხლზე დაყრდნობით განაჩენის გამოტანა ქმნის საშიშროებას, რომ ნებისმიერი სახის შეწყალება გამოძიებული იყოს პროკურატურის მიერ.
სააკაშვილთან დაკავშირებით სადაო იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება _ კვალიფიკაცია რამდენად სწორად იყო შერჩეული და ხომ არ შეიზღუდა პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის პრეცენდენტი ნამდვილად იქმნება, თუმცა, არსებობს მეორე მხარე, თუ ყოფილმა პრეზიდენტმა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილება მართლაც არაკანონიერად გამოიყენა, უნდა იყოს თუ არა მისი ქმედება დასჯადი. თითქმის მთელი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება შეთანხმებულად მოხდა, მაგრამ საინტერესოა, არსებული სამართლებრივი ბაზა რამდენად იძლევა საშუალებას იმისას, რომ ეს უკანონობა იქნას დასჯილი, პრობლემა ამაშია“, _ განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებისთვის.