ცოტა დრო დარჩა 2018 წლის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების განხილვებამდე. წარმოგიდგენთ მცირეოდენ შენიშვნებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მიმართ საკრებულოს შენიშვნების საპასუხოდ მერიამ შემოგვთავაზა განმარტებები.
_ “მუნიციპალიტეტის შიდა გზების ინვენტარიზაცია გათანაბრებითი ტრანსფერის მოცულობაზე გავლენას აღარ ახდენს” _ განსხვავებით მერიის პოზიციისაგან, რომლის აზრითაც, შიდა გზების სიგრძე, თურმე გავლენას აღარ ახდენს გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობაზე, სულ სხვა ამბობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა 74-ე მუხლის 1 პინქტის “ბ” ქვეპუნქტი:
მუხლი 74. გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის განსაზღვრის ფორმულა
1. თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გადასაცემი გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით: T=E-R, სადაც: ა) T – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი ტრანსფერი; ბ) E – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი, რომელიც გაიანგარიშება სტატისტიკური მონაცემებისა (მოსახლეობის რაოდენობა, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობა, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი (სარეიტინგო ქულა) ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფართობი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე) და გათანაბრებითი კოეფიციენტების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამიჯვნით.”
ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძეს ითვალისწინებს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N904 ბრძანებით დამტკიცებული “გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქცია”
გარდა ამისა, “საავტომობილოო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში ვკითხულობთ: “ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 3 წელიწადში ერთხელ.“
დამატებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის #26 განკარგულებით, გამგებელს დაევალა გზების განახლებული ნუსხის დამტკიცებისათვის სამუშაოების ჩატარება.
გამომდინარე აქედან, ნათელია რომ შიდა გზების სიგრძე გავლენას ახდენს გათანაბრებით ტრასფერის ოდენობაზე, და თუნდაც, როგორც საკრებულოსადმი მიწერი წერილში არის ნათქვამი “აღარ ახდენსო”, ასეც რომ იყოს, საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონისა და საკრებულოს დადგენილების მიხედვით მაინც არსებობს ვალდებულება შიდა გზების ინვენტარიზაციისა და ახალი ნუსხის დამტკიცებისათვის.
თუ 2017 წლის ბიუჯეტში აღნიშნული საქმისთვის თანხების არგამოყოფას ბატონი გამგებელი ხსნიდა იმით, რომ მან, როგორც მენეჯერმა, არ ჩათვალა საჭიროდ თანხის გამოყოფა, ახლა არგუმენტად მოაქვს ის, რომ შიდა გზების სიგრძე, თურმე, აღარ მოქმედებს ტრანსფერის ოდენობაზე, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობას.
სანამ ჩოხატაურის მერია ჯიუტად იდგება თავის პოზიციაზე და არ შეასრულებს თავის ვალდებულებას, მანამდე ჩოხატაური ყოველწლიურად ვერ მიიღებს დამატებით დაახლოებით მილიონ ლარს გათანაბრებითი ტრანსფერის სახით. ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, რომ ჩოხატაურს დაკარგული აქვს 2 მილიონ ლარზე მეტი, 2017 და 2018 წლების ბიუჯეტებში.
სამწუხაროა ისიც, რომ გათანაბრებითი ტრანსფერი 2016 წელთან შედარებით, შემცირებულია 630 ათასი ლარით.
დელეგირებული უფლებამოსილებისათვის, ისევე, როგორც წინა წლებში, გათვალისწინებულია 183 ათასი ლარი, თუმცა, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” შესახებ კანონში 2016 წელს შესული ცვლილებებში ვკითხულობთ: “მუხლი 4. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო 1 2. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ამ მუხლითა და ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის გახორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით _ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.”
შესაბამისად, დელეგირებულ უფლებამოსილების გახორციელებისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტში უნდა იყოს ასახული, სამწუხაროდ, ისევე, როგორც 2017 წლის ბიუჯეტში, ეს თანხები არ არის გათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტშიც.
მერიის წერილში ვკითხულობთ: “შუაფარცხმის პარკის პროექტირებისთვის, ბაზრის მიმდინარე ხიდის პროექტირებისათვის, იპოდრომის კეთილმოწყობისათვის, 2018 წლის ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავლებიდან თანხების დაგეგმვა ვერ გახორციელდება. აღნიშნული შესაძლებელია გახორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების ხარჯზე”.
საინტერესოა, რომ ბაზრის მიმდებარე ხიდის საპროექტო სამუშაოებისთვის თანხების მოძიების შესახებ 2016 წლის აპრილში საკრებულომ მიიღო განკარგულება, თუმცა, ჯერ-ჯერობით მაინც ვერ ხერხდება აღნიშნული პროექტისათვის თანხების გამოყოფა.
სასურველია, თუ შესრულდება დანაპირები და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიდან მოხდება აღნიშნული პროექტის დაფინანსება.
რაც შეეხება იპოდრომის კეთილმოწყობისათვის თანხების გამოყოფას, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის მიერ საჩუქრად გადმოსაცემ მილიონიან პროექტზე (თავისი პროექტითა და მშენებლობით) უარია ნათქვამი, არცაა მოსალოდნელი, რომ 2018 წლის ბიუჯეტში თანხები ყოფილიყო გამოძებნილი. შესაბამისად ნაკლებად ველი, რომ შუაფარცხმის პარკის საპროექტო სამუშაოებისთვისაც რაიმე ხელშესახები გახორციელდება.
აქვე აღვნიშნავ, რომ სამივე აღნიშნული პროექტი ჩოხატაურის ეკონომიკური და სივრცითი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, განსხვავებული ხედვა და გემოვნება აქვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა _ საერთოდ გაურკვეველია შემდეგი პასუხები:
_ “ბიუჯეტის პირველი თავი დაბალანსდება.
_ ა(ა)იპ დაწესებულებებში უნდა დაიგეგმოს რეორგანიზაცია, რის შემდგომაც მოხდება მათი სრულყოფილი დაფინანსება.
როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებული უნდა წარედგინოს საკრებულოს გასახილველად და დასამტკიცებლად. დაუბალანსებელი ბიუჯეტის წარდგენა შემდგომი დაბალანსების პირობით ცოტა უხერხულია.
მეორე წინადადების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ შემდეგი:
_ ა(ა)იპ დაწესებულებებში ჯერ დაგეგმილი არ არის რეორგანიზაცია და ეს მომავლის საქმეა
_ რეორგანიზაციამდე მათი დაფინანსება სრულყოფილად არ ხდება.
თუ იგეგმება რეორგანიზაცია, უნდა არსებობდეს მისი მონახაზი სავარაუდო ბიუჯეტით და დროში გაწერილი, ხოლო სანამ გახორციელდება რეორგანიზაცია, მანამდე ბიუჯეტში არსებული მდგომარეობით უნდა იყოს გათვალისწინებული ა(ა)იპ-ების სრულყოფილი დაფინანსება.
ცალკე აღსანიშნავია ბიუჯეტის პროექტში პროგრამული ბიუჯეტისთვის მიმსგავსების მცდელობა, ცალკეულ პროგრამებს ბოლოს აღნიშნულია მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმი.
მაგალითად “სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 09 )
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
_ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა;
_ გადამზადებული ფერმერების რაოდენობა.”
არსად არ წერია, თუ რამდენი ახალი კოოპერატივის დაფუძნება იგეგმება წლის მანძილზე, შესაბამისად, ვერ მოხდება შეფასება, თუ რამდენად კარგად გახორციელდა აღნიშნული პროგრამა.
კიდევ ერთი მაგალითი: “შედეგების შეფასების ინდიკატორები: გაზრდილი ტურისტების რაოდენობა”.
კითხვები იგივეა: ზრდა რომელ მონაცემს უნდა შევადაროთ? რამდენი ტურისტი იყო იმ შესადარებელ პერიოდში და რამდენით გაზრდაა დაგეგმილი?
პასუხები, წესით, ბიუჯეტის პროექტში უნდა იძებნებოდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
ერთადერთი, სადაც კონკრეტულად არის მითითებული შეფასების ინდიკატორი არის ს/კ “ბახმარო”: “შედეგების შეფასების ინდიკატორი: საფეხბურთო კლუბ ,,ბახმარო-2009’’-ს კიდევ უფრო მაღალ ლიგაში დაწინაურება”.
ანუ თუ “ბახმარო” ზედა ლიგაში ვერ გადავიდა, მისი მუშაობა უარყოფითად უნდა შეფასდეს. თუმცა, აქ საინტერესო ისიც არის, რომ ს/კ “ბახმაროს”, წინა წლებთან შედარებით დამატებული აქვს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მოვლა-პატრონობა, სადაც 120 ბავშვია გაერთიანებული და ამ დროს დაფინანსება უმცირდება.
კიდევ უფრო პარადოქსული მდგომარეობაა ბიბლიოთეკების დაფინანსების მუხლში (პროგრამული კოდი 05020101), სადაც მოსალოდნელ შედეგებში ნათქვამია “საბიბლიოთეკო წიგნების ფონდის განახლების გზით მოსახლეობის წიგნებისადმი დაინტერესება”, თუმცა, წიგნების შეძენისთვის ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული _ ეტყობა, საჩუქრად გადაცემული წიგნებით იგეგმება წიგნების ფონდის განახლება. თუ მერიას მართლაც საჭირო მიაჩნია წიგნების ფონდის განახლება, დამატებით უნდა გამოიყოს მინიმუმ იმ თანხის ნახევარი, რითაც 2017 წელთან შედარებით შემცირებულია ბიბლიოთეკების დაფინანსება _ 2017 წელს 140 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, 2018 წლის პროექტით კი 20 ათასი ლარით ნაკლებია.
რაც შეეხება პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლას, ეს ვალდებულება დიდი ხანია აქვს მუნიციპალიტეტს და მის გახორციელებას ახალი ინიციატივა აღარ სჭირდება, თუმცა, კარგი იქნება, დაპირებისამებრ თუ პარლამენტის წევრი ქალბატონი ნინო წილოსანი თავის წვლილს შეიტანს ამ ვალდებულების შესრულებში.
ინფრასტრუქტურის განვითარება:
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 155 მუხლი განსაზღვრავს წლის მანძილზე არაფინანსური აქტივების ზრდას.
“მუხლი 155. არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის განსაზღვრა
1. საბიუჯეტო წლისთვის დაგეგმილი არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობის პროცენტული მაჩვენებელი იმავე საბიუჯეტო წლისათვის დაგეგმილი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო გადასახდელების საერთო მოცულობაში არ უნდა იყოს დასაგეგმი წლის წინა 3 წლის ანალოგიურ წლიურ საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები. ამ შემთხვევაში არ გაითვალისწინება მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში მიზნობრივი, სპეციალური და კაპიტალური ტრანსფერების სახით მიღებული/მისაღები ფინანსური სახსრები”.
2015 წელს არაფინანსური აქტივების ზრდაზე ჩოხატაურში მუნიციპალიტეტში დაიხარჯა 462,9 ათასი ლარი 6 199.9 ათასი ლარიდან _ 7,5%, 2016 წელს _ 339,6 ათასი ლარი 6 970,9 ათასი ლარიდან _ 4,9%, 2017 წელს 347,1 ლარი 6 322,3 ათასი ლარიდან _ 5,5%. შესაბამისად, 2018 წელს არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მუცულობის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით და ის უნდა იყოს არანაკლები 2018 წელს დაგეგმილი გადასახდელების (462,9+339,6+347,1)/(6199,9+6970,9+6322,3) 5,9% ანუ 373.2 ათასი ლარი. წარმოდგენილ ბიუჯეტში კი გათვალისწინებულია 247,4 ათასი ლარი _ 125,8 ათასი ლარით ნაკლები.
სამწუხაროა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ეწინააღმდეგება თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნებს.
ამჟამად მიმდინარეობს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, შესაბამისად კიდევ არის დრო, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი შესაბამისობაში მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან და ისე მოხდეს მისი მიღება და დამტკიცება საკრებულოს მიერ.
მალხაზ ჩხიკვაძე