სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ განჩინებაზე, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს პოზიცია საქმეზე დეტალურად არის განმარტებული გადაწყვეტილებაში.
ძლიერაშვილი არ აკონკრეტებს, რის საფუძველზე დაადგინა დიდმა პალატამ იძულება.
„სასამართლოს პოზიცია ნათლად არის ასახული მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გადაწყვეტილებას, მე მეტს ვერ დავამატებ. მოსამართლეს არ აქვს უფლება იმაზე მეტი განმარტება გააკეთოს, რაც განმარტებაში წერია,“ _ განაცხადა ზურაბ ძლიერიშვილმა.
უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დიდმა პალატამ დაასკვნა, რომ რუსთავი 2-ის საქმეში მოსარჩელე მხარის მიმართ იძულება სულ მცირე 2012 წლის არჩევნებამდე მაინც გრძელდებოდა, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს თქმით, ახლად არჩეულმა პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბრის აქტით ის პოლიტიკურ დევნილად ცნო.
“აქედან გამომდინარე, სსკ-ით 89-ე მუხლით დადგენილი შეცილების ერთწლიანი ვადის დენის დაწყებამდე („იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან“), საქართველოს პროკურატურაში 2008 წლის 1 დეკემბერს წარდგენილი საჩივრით მოსარჩელე შეეცილა იმ სადავო გარიგებების ნამდვილობას, რამაც განაპირობა ტელეკომპანიაში წილების გასხვისება,” _ ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ტელეკომპანიის ადვოკატების შეფასებით კი, გადაწყვეტილებაში არის რიგი ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები.