ლანჩხუთში, ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ჩინური კომპანიის ოფისთან, კომპანიაში დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
შეკრებილები არსებულ სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებდნენ.
აქციის მონაწილეები ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობისგან დღიური 14-ლარიანი ანაზღაურების გაორმაგებას, კვირაში ერთ დასვენების დღეს და დღეში ერთხელ კვებას ითხოვდნენ.
აქციაზე გამგებლის მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე და საკრებულოს რამდენიმე წევრიც მივიდა. ასევე, აქ იყო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელიც.
საბოლოოდ, აქციის მონაწილეების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნები ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის. დააკმაყოფილებს თუ არა კომპანია მუშების მოთხოვნებს, ეს ოთხშაბათისთვის უნდა გახდეს ცნობილი, მანამდე კი, მიღწეული შეთანხმების შედეგად, აქცია დაიშალა და იქ შეკრებილებმაც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს საქმიანობა.